მაისურაძე თენგიზ გიორგის ძე

თ. მაისურაძე

მაისურაძე თენგიზ გიორგის ძე (3. VIII. 1930, თბილისი, –15. VII. 2003, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1979). 1950 დაამთავრა მარჯანიშვილის თეატრთან არსებული დრამ. სტუდია. 1954–67 მუშაობდა მარჯანიშვილის, 1967–75 – რუსთავის თეატრებში, 1975-იდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. 1970–76 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. საცირკო-საესტრადო სასწავლებელში. მ-ის შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ხევისბერი (ა. ყაზბეგის „მოძღვარი“), ჯარისკაცი, ბრიგადირი, ვახტანგ ხანი (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება“, „კახაბერის ხმალი“), ხირიმიანცი, გრენგოლმი (შ. დადიანის „ნაპერწლიდან“, „გუშინდელნი“), შოშია (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“), ქოხსალამურა (ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“), რანგო (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ჯამბაკური (მ. ელიოზიშვილის „ბერიკონი“) და სხვ. გამორჩეული იყო მერძევე ტივიეს როლი ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრის მიუზიკლში „მევიოლინე სახურავზე“ (შ. ალეიხემის მიხედვით. რეჟ. გ. ლორთქიფანიძე); მონაწილეობდა სატელევიზიო დადგმებსა და რადიოსპექტაკლებში. გადაღებულია ფილმებში: „უდიპლომო სასიძო (ზურაბი, რეჟ. ლ. ხოტივარი, 1961), „დათა თუთაშხია“ (მახო, რეჟ-ები: გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978); „თეთრი ბაირაღები“ (გამცემლიძე, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1990). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996).