კრილი[1] (ლათ.Euphausiacea) — ზღვის უმაღლესი კიბოსნაირების რიგი. სხეულის სიგრძე 7 მმ-დან 10–15 სმ-მდეა. გარეგნულად წააგვანან კრევეტებს. ღეროსებრი ფასეტური თვალები კარგადაა განვითარებული. ლაყუჩები გამოსულია მკერდის ფეხების ძირიდან, არ არიან დაფარული კარაპაქსით. ორგანშტოებიანი მკერდის ფეხები გამოიყენება მხოლოდ საცურაოდ. აქვთ განათების ორგანოები — ფოტოფორები; როდესაც ისინი არ არის ანთებული, მაშინ კრილი არ ჩანს, რადგან მათი სხეული გამჭვირვალეა. ცნობილია 90-მდე სახეობა, რომლებიც 2 ოჯახშია გაერთიანებული: Euphasiidae და Bentheuphausiidae (ერთი სახეობით — Bentheuphausia amblyops). პლანქტონური ორგანიზმებია. კვერცხს ყრიან წყალში. ვითარდებიან მეტამორფოზით. წარმოადგენენ წყლის სარეწი თევზებისა და უკბილო ვეშაპების საკვებს. ყველაზე ცნობილი სახეობაა ანტარქტიკული კრილი (Euphausia superba).[2]