ძიუდო
ძიუდო (იაპ.: 柔道 < ძიუ — „რბილი“ + დო — „გზა“) — იაპონური ეროვნული ჭიდაობა. სპორტად ქცეული მოდერნიზებული ჯიუ-ჰიცუ. ძიუდოს შემქმნელად ითვლება ძიგორო კანო, რომელმაც ჯიუ-ჯიცუდან, სუმოდან შეარჩია ყველაზე ეფექტიანი ილეთები, დახვეწა თავდაცვის ხერხები და ჭიდაობის ტექნიკა, დაამუშავა შეჯიბრების წესები და ჭიდაობას სპორტული ხასიათი შესძინა. 1882 წელს დ. კანომ გახსნა სპეციალიზებული, ძიუდოს შემსწავლელი სკოლა — კოდოკანი.
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:
- ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
- სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.
ძიუდოს სტილის სამი მთავარი ელემენტია: კატა, რანდორი (თავისუფალი ილეთი), შიაი (შეჯიბრი). ძიუდოისტთა ორთაბრძოლები იმართება კვადრატულ ფარდაგზე (ტატამი) ზომებით 8x8 ან 10x10 მ.
იაპონიაში ძიუდო, როგორც აუცილებელი საგანი, შეტანილია სასკოლო პროგრამაში. დგომში ჭიდაობის დროს მოჭიდავეები სხვადასხვა ფანდის (სარმა, ცერული და სხვა) საშუალებით ცდილობენ დააგდონ ერთმანეთი ტატამზე, ხოლო ჩოქბჯენში ჭიდაობისას — სხვადასხვა ჩავლების საშუალებით შეაკავონ მოწინააღმდეგე 30 წ, განმავლობაში ბეჭებით ხალიჩაზე ან მახრჩობელა ჩავლებებითა და იდაყვის სახსარზე მტკივნეული ილეთების გამოყენებით აიძულონ იგი თავი დამარცხებულად ცნოს. მოჭიდავეები ასპარეზობენ ფეხშიშველები, აცვიათ კიმონო, წელზე ტავისუფლად აქვთ შემოვლებული ქამარი. ჭიდაობა გრძელდება 4-5 წთ შეუსვენებლად (მოჭიდავეთა ასაკის მიხედვით).
XIX საუკუნის ბოლოს — XX საუკუნის დასაწყისში ძიუდო გავრცელდა ევროპის, აზიის და ამერიკის ქვეყნებში. 1951 წელს შეიქმნა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც 1984 წელს 122 ქვეყანას აერთიანებდა. 1956 წლიდან ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატები. 1964 წელს ძიუდო შეიტანეს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. 1967 წლიდან ოფიციალურად საერთაშორისო შეჯიბრებები ტარდება 5 წონით კატეგორიაში. 1962 წელს სსრკ სამბოს ფედერაციასთან შექმნილი ძიუდოს სექცია შევიდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში. ამ წლიდან მოყოლებული საბჭოთა სპორტსმენები მონაწილეობდნენ ყველა ოფიციალურ საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1972 წელს შეიქმნა ძიუდოს სსრკ ფედერაცია, 1973 წლიდან ტარდებოდა სსრკ ჩემპიონატები, ხოლო 1974 წლიდან თამაშდებოდა სსრკ-ს თასი.
ძიუდოს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქართველ სპორტსმენებსაც: ა. კიკნაძე, შ. ჩოჩიშვილი, რ. ხარშილაძე, შ. ხაბარელი, თ. ხუბულაური და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. რატიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 277.
- Ohlenkamp, Neil (2006), Judo Unleashed: Essential Throwing & Grappling Techniques for Intermediate to Advanced Martial Artists, Maidenhead: McGraw-Hill
- Otaki, Tadao; Draeger, Donn F. (1997), Judo Formal Techniques: Complete guide to Kodokan randori no kata (reprint რედ.), Clarendon, Vermont: Tuttle Publishing
- Takahashi, Masao (2005), Mastering Judo, Champaign, Illinois: Human Kinetics
ლიტერატურა
რედაქტირება