შინაარსზე გადასვლა

გვატემალა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვატემალა (მრავალმნიშვნელოვანი).
გვატემალის რესპუბლიკა
República de Guatemala
გვატემალა
გვატემალის
დევიზი: „Libre Crezca Fecundo“[1] „El País de la Eterna Primavera“
„უკვდავების წყაროს მიწა“[2]
ჰიმნი: Himno Nacional de Guatemala
გვატემალის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
გვატემალა
8°58′ ჩ. გ. 79°32′ დ. გ. / 8.967° ჩ. გ. 79.533° დ. გ. / 8.967; -79.533
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ოტო პერეს მოლინა
ფართობი
 -  სულ 108 890 კმ2 (107-ე)
 -  წყალი (%) 0,4
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 13 824 463 (69-ე)
 -  2007 აღწერა 12 728 111 
 -  სიმჭიდროვე 129 კაცი/კმ2 (85-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $74 709 მილიარდი[3] (1)
 -  ერთ მოსახლეზე 5069[3] 
აგი (2011) 0,574 (131–ე)
ვალუტა კეტცალი (GTQ)
დროის სარტყელი UTC-06:00
Internet TLD .gt
სატელეფონო კოდი +502

გვატემალა, ოფიციალურად გვატემალის რესპუბლიკა (ესპ. República de Guatemala) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება მექსიკა, სამხრეთ-დასავლეთით — წყნარი ოკეანე, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ბელიზი, აღმოსავლეთით — კარიბის აუზი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰონდურასი და სალვადორი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 108 890 კმ²-ს, მოსახლეობა — 13 276 517 ადამიანს.

გვატემალა წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა. დედაქალაქია გვატემალა-დელ-ვალე-დე-ლა-ასუნსიონი ან უბრალოდ გვატემალა. ქვეყანა ბიოლოგიურად საკმაოდ მრავალფეროვანია, გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებით.[4] ესპანელთა მოსვლამდე, გვატემალის ტერიტორიაზე ყვაოდა მაიას ცივილიზაცია. მაიას შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ გვატამელაში, ჰონდურასში, ბელიზში, მექსიკის სამხრეთ ნაწილსა და სალვადორის აღმოსავლეთ ნაწილში.

გვატემალამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1821 წელს მოიპოვა. ამის შემდეგ მას მართავდა მთელი რიგი დიქტატორებისა, რომლებსაც ეხმარებოდა აშშ–ის კომპანია United Fruit Company. XX საუკუნის ბოლოს გვატემალაში მიმდინარეობდა 36 წლიანი სამოქალაქო ომი. მისი დასრულების შემდეგ, ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური წინსვლა და ჩატარდა წარმატებული დემოკრატიული არჩევნები. ბოლო, 2011 წლის არჩევნებში, პრეზიდენტად აირჩიეს პატრიოტული პარტიის კანდიდატი ოტო პერეს მოლინა.

სახელი გვატემალა მომდინარეობს ნაჰუატლის სიტყვა გუაუჰტემალანიდან, რაც „ბევრი ხეების ადგილს“ ნიშნავს.[5][6] ეს სახელი მას ტლასკალელმა ჯარისკაცებმა შეარქვეს, რომლებიც ესპანელ კონკისტადორ პედრო დე ალვარადოს მოკავშირეები იყვნენ ამ ტერიტორიის დაკავებისას.

თანამედროვე გვატემალის ტერიტორიაზე პირველი მოსახლეები იყვნენ მაიას ტომის ინდიელები, რომლებიც აქ გამოჩნდნენ ძვ. წ. I ათასწლეულში.

ახ. წ. II-IX საუკუნეები მაიას კულტურის აყვავების ხანაა, შემდეგ კი იწყება დაცემის პერიოდი. X-XI საუკუნეებში ტაბასკოდან გვატემალაში მოვიდნენ ტოლტეკები და კიჩეს ტომი, რომლებმაც დაიპყრეს გვატემალის ცენტრალური მთიანეთი დედაქალაქ კუმარკახის ჩათვლით. XV საუკუნეში კიჩეს ხალხს გამოეყო კაკჩიკელის ხალხი, რომელთაც დააარსეს საკუთარი სახელმწიფო. XV საუკუნეში მიმდინარეობდა მუდმივი ბრძოლები პატარა სახელმწიფოებს შორის.

კოლონიალური პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1523 წელს ესპანელებმა პედრო დე ალვარადოს მეთაურობით დაიწყეს ქვეყნის კოლონიზაცია. XVI საუკუნის შუა წლებში ესპანელებმა დააარსეს პლანტციები და მოიპოვებდნენ ოქროს და ვერცხლს. 1564 წელს დაარსდა გვატემალის საგენერალ-კაპიტნო.

შავი მონების იმპორტი გვატემალაში ძალიან მცირე იყო. პრაქტიკულად ყველა მონა-შავკანიანი გაითქვიფა ადგილობრივ მოსახლეობაში. 1773 წლამდე დედაქალაქად ითვლებოდა ანტიგუა-გვატემალა, სანამ იგი არ დაანგრია მიწისძვრამ. დედაქალაქი გადაიტანეს თანამედროვე ქალაქ გვატემალაში.

დამოუკიდებლობის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისში ამერიკის ესპანურ კოლონიებში დაიწყო დამოუკიდებლობისათვის ომი. 1821 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა მექსიკის იმპერიამ, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა გვატემალა. 1823 წელს მექსიკის იმპერია დაიშალა და მას გამოეყო კოსტა-რიკა, სალვადორი, ნიკარაგუა, ჰონდურასი და გვატემალა, რომლებმაც შექმნეს ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციები. ფედერაცია 1839 წელს დაიშალა. წარმოიშვა დამოუკიდებელი გვატემალის რესპუბლიკა, რომლის პირველი პრეზიდენტიც გახდა მარიანო რივერა პასი. ქვეყანაში ძირითადად მიმდინარეობდა ლიბერალური და კონსერვატიული პარტიების კანდიდატების ბრძოლა პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1873-1885 წლებში ქვეყანაში ლიბერალი ხუსტო რუფინო ბარიოსის დიქტატურაა, ასევე ლიბერალები მართავენ ქვეყანას 1898-1920 წლებში მანუელ ხოსე ესტრადა კაბრერას მეთაურობით.

ლიბერალებისა და კონსერვატორების ტრადიციული ბრძოლა 1944 წელს დასრულდა, როდესაც ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. დიქტატორ ხორხე უბიკოს წინააღმდეგ მთელი ქვეყნის ოფიცრები, სტუდენტები და მასწავლებლები გამოვიდნენ. 1945 წლიდან პრეზიდენტია ხუან ხოსე არევალო, რომელიც აშშ-სგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. 1951 წელს არჩევნებში იმარჯვებს ხაკობო არბენს გუსმანი. იგი ჩამოგდეს აშშ-ის მთავრობისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალიბის შედეგად, სახელმწიფოს სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა გენერალ კარლოს კასტილიო არმასის ხელმძღვანელობით. 1957 წელს იგი მოკლეს. მალე პრეზიდენტი ხდება ხოსე მიგელ რამონ იდიგორას ფუენტესი და ქვეყანაში იწყება სამოქალაქო ომი, რომელიც 1996 წლამდე გრძელდება. სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს აწერს პრეზიდენტი ალვარო ენრიკე არსუ ირიგოიენი.

2012 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია ოტო პერეს მოლინა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-14. ციტირების თარიღი: 2012-11-24.
  2. Aguirre, Lily (1949). The land of eternal spring: Guatemala, my beautiful country. Patio Press, გვ. 253. 
  3. 3.0 3.1 Guatemala. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: April 18, 2012.
  4. Biodiversity Hotspots-Mesoamerica-Overview. Conservation International. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 4, 2008. ციტირების თარიღი: February 1, 2007.
  5. Campbell, Lyle. (1997). American Indian languages: The historical linguistics of Native America. New York: Oxford University Press. ISBN 0-19-509427-1.
  6. www.ccidinc.org. დაარქივებული 2012-11-07 საიტზე Wayback Machine. Retrieved June 26, 2012.