შინაარსზე გადასვლა

გრაკლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრაკლა
რდილოეთ ამერიკულ-ევრაზიული ტირიფფოთოლა გრაკლა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Spiraea

გრაკალა (ლათ. Spiraea) — ვარდისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი. ჩვეულებრივ 1-1,5 სიმაღლის ბუჩქია. აქვს მორიგეობით განლაგებული დაკბილული ფოთლები, ქოლგისებრ ან ფარისებრ ყვავილედებში თავმოყრილი თეთრი ან ვარდისფერი ორ- ან ცალსქესიანი ყვავილები. ნაყოფი მრავალფოთლურაა. ცნობილი 100-მდე სახეობა. ხარობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში.

საქართველოში და მთელს კავკასიაში ველურად იზრდება 2 სახეობა — ჩვეულებრივი ანუ კრაზანაფოთოლა გრაკლა (ლათ. Spiraea hypericifolia) და ხერხკბილა გრაკლა (ლათ. Spiraea crenata). პირველი გავრცელებულია ნახევარუდაბნოს, ველისა და ტყის სარტყელში, ზოგან კი მაღალმთის ზონაშიც, სადაც გვხვდება მისი სუბალპური სახესხვაობა (var. subalpina). მეორე უფრო ქსეროფილურია და უმთავრესად სამხრეთ მთიანეთის მთის შუა სარტყლამდე იზრდება, ქმნიან ბუჩქნარებს - გრაკლიანებს.

ტიპოლოგიურად საქართველოს გრაკლიანები უმეტესად მარცვლიან-ნაირბალახიანი ფიტოცენოზებია, მათი უკიდურესად ქსეროფილური ვარიანტები კი - მარცვლოვნიანი. ჩვენში გრაკლიანები ჩვეულებრივ გაჩეხილი ტყის ადგილას იზრდება და მეორეულ გრაკლიანებს წარმოადგენს. ბუნებრივ გრაკლიანებს გრუნტ-ნიადაგცვითი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში მოშენებულია გრაკლას 30-მდე უცხო სახეობა. მათგან უფრო ხშირია აღმოსავლეთ აზიური ტუნბერგის გრაკლა (ლათ. Spiraea thunbergii), იაპონური გრაკლა (ლათ. Spiraea japonica), ჰენრის გრაკლა (ლათ. Spiraea henryi), კანტონური გრაკლა (ლათ. Spiraea cantoniensis), ჩრდილოეთ ამერიკულ-ევრაზიული ტირიფფოთოლა გრაკლა (ლათ. Spiraea salicifolia) და სხვა. გრაკლას ხანგრძლივი და უხვი ყვავილობის გამო ფართოდ იყენებენ დეკორატიული მებაღეობაში. რგავებ ცოცხალ ღობეებად და ბორდიურებად. ამრავლებენ თესლით, მწვანე და გამერქნებული კალმით, ფესვის ამონაყარით, გადაწვენით და ბუჩქის დაყოფით. მნიშვნელოვანი თაფლოვანი მცენარეა. გრაკლის ღეროებისაგან ძველად ისრის ტარებს თლიდნენ.