შინაარსზე გადასვლა

ეაკოსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეაკოსი – ბერძნული მითოლოგიის გმირი, ეაკიდების მოდგმის მითოსური ფუძემდებელი. ზევსისა და ეგინას ძე. ტელამონისა და პელევსის მამა.

ზევსს მოეწონა მდინარის ღმერთის, ასოპოსის ასული ეგინა. არწივად გარდასახულმა მოიტაცა მშვენიერი ქალწული და კუნძულ იონოპიაზე დაასახლა. მას შემდეგ კუნძულს ეგინა ეწოდა. სწორედ აქ დაიბადა ეაკოსი. კუნძულის მკვიდრნი ჭირმა გაწყვიტა. მაშინ ზევსმა, ეაკოსის თხოვნით, ჭიანჭველები გარდასახა ადამიანებად და კუნძულზე კაცთა მოდგმა ააღორძინა (მირმიდონები). სხვა ვერსიით, ზევსმა კუნძულის მოსახლეობა მიწისგან გამოძერწა. ეგინაზე არსებობდა ეაკოსის კულტი. იგი წვიმის მომყვან ღვთაებად ითვლებოდა და მის სახელზე აწყობდნენ ასპარეზობებს, რომელთაც ეაკიები ეწოდებოდა.

გვიანი ხანის მითოსი გვამცნობს, რომ ეაკოსი პოსეიდონთან და აპოლონთან ერთად ტროას გალავანს აშენებდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ გალავანზე ასრიალდნენ გველები. პოსეიდონისა და აპოლონის მიერ აგებულ კედლებზე ამავალი გველები მოკვდნენ. მესამე გველმა, რომელიც მოკვდავი ეაკოსის მიერ აგებულ გალავანს გადაევლო, ქალაქში შეაღწია. ნათელმხილველთა წინასწართქმით, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ეაკოსის შთამომავლები დაიპყრობდნენ ტროას.

ეაკოსი მოკვდავთა შორის გამოირჩეოდა თავისი კეთილშობილებითა და სამართლიანობით. სწორედ ამიტომ, გარდაცვალების შემდეგ იგი ღმერთებმა ჰადესის მსაჯულად დანიშნეს მინოსთან და რადამანთისთან ერთად.

გადატანითი მნიშვნელობით ეაკოსს სამართლიან კაცზე იტყვიან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეაკოსი“-დან