შინაარსზე გადასვლა

ელ-ნინიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელ-ნინიო 1997 წელს.
ელ-ნინიოს დროის რიგის ინდექსი 1876-2012 წლებში
გლობალური წლიური ტემპერატურის ანომალიები. NOAA
ელ-ნინიოს წარმოქმნის პირობები. თბილის წყლები იხრება დასავლეთისაკენ

ელ-ნინიო[1] (ესპ. El Niño — ბავშვი, ბიჭუნა) — ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა; თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და გაბატონებულია არანაკლებ ერთი წელი. ჩვეულებრივ, ისახება დეკემბერში, ემთხვევა საშობაო დღესასწაულებს, საიდანაც მოდის სახელწოდება — „ელ-ნინიო“, რაც თარგმანში აღნიშნავს „ბავშვს“, სადაც იგულისხმება იესო ქრისტე.

ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება 1 °C-იდან 5 °C-მდე. ელ-ნინიო ვრცელდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ეკვადორის სანაპიროს გაყოლებით ეკვატორამდე სამხრეთ განედის 5-7°-მდე, ხოლო ცალკეულ წლებში ძლიერდება და აღწევს სამხრეთ განედის 15°-ს. ელ-ნინიო განსაკუთრებით კარგად ვლინდება პერუსა და ეკვადორის სანაპიროებთან, ზამთრის თვეებში ჩნდება აშშ-შიც.

ატმოსფეროს ცირკულაციის ცვლილება ახდენს გავლენას დედამიწის სხვადასხვა რეგიონების კლიმატზე. იგი იწვევს გვალვას, უხვ ნალექიანობას; წარმოქმნის უჩვეულოდ თბილი ან ცივი ამინდის პირობებს. ელ-ნინიოს თბილი წყლების თხელი ფენა წყვეტს ჟანგბადის მიმოსვლას ზედაპირის ფენაში, რაც დიდ გავლენას ახდენს პერუს პროდუქტიული რაიონების მდგომარეობაზე. გაძლიერებული წვიმები გამშრალ სანაპიროებზე იწვევს კატასტროფულ წყალდიდობებს.

სამხრეთში, თბილი წყლების შეღწევა დაკავშირებულია პასატური ქარების მოქმედების შესუსტებასთან და აგრეთვე ოკეანის სანაპირო ნაწილის ცივი ზედაპირული წყლების ამოსვლის შეწყვეტასთან. ჩვეულებრივ, ასეთი კატასტროფული მოვლენები აღინიშნება დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში.

ტერმინი „ელ-ნინიო“ პირველად სიტყვახმარებაში შემოვიდა XIX საუკუნეში. იმ დროს ამ ტერმინს პერუელი მეთევზეები ხმარობდნენ. იგი იყო რეგულარული ყოველწლიური მოვლენა. ანომალიურად თბილი წყლების დაგროვებას მოჰყვა დიდი რაოდენობით თევზების დაღუპვა პერუს სანაპიროებთან. მოკლე ხანში მეტისმეტად გამთბარი წყლები „ელ-ნინიოს წყლების“ სახელით გახდა ცნობილი. უკანასკნელი 150 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერად ელ-ნინიო გამოვლინდა 1997-1998 წლებში, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 1998 წლის ზამთარი კალიფორნიაში აღინიშნა ქარბუქიანი გარემოებებით, წყალდიდობებით, რასაც მოჰყვა ნგრევა. ამავე დროს, ლუიზიანაში აღინიშნა მეტად თბილი იანვარი.

გარდა ელ-ნინიოსი, არსებობს აგრეთვე ფენომენი სახელწოდებით ლა-ნინია, რომელიც გამოიხატება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილის ძლიერი გაცივებით, წყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილის ძლიერი გათბობითა და პასატების ძლიერი გავლენით. ადრეული კვლევების მიხედვით ელ-ნინიო, უპირველეს ყოვლისა, განიხილებოდა ოკეანურ მოვლენად, რომელიც ფიქსირდებოდა სამხრეთ ამერიკის დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ. ახალმა კვლევებმა ელ-ნინიო დააკავშირა ატმოსფერულ მოვლენასთან ეგრეთ წოდებულ „სამხრეთის რყევასთან“. ელ-ნინიო ცნობილა აგრეთვე როგორც „ელ-ნინიო სამხრეთის რყევა“. სამხრეთის რყევა პირველად აღწერა ჯილბერტ უოლკერმა მუსონების შესწავლის დროს. ელ-ნინიოს ეფექტი განსაკუთრებით კარგად არის გამოხატული სამხრეთ ამერიკაში. ჩვეულებრივ, ასეთი მოვლენა იწვევს თბილი და ძლიერი ნოტიო ზაფხულის პერიოდებს.

განსაკუთრებით მკაცრად იგი გამოვლინდა: 1891, 1925, 1941, 1953, 1957-1958 და 1972-1973 წლებში. ელ-ნინიოს უძლიერესი ფაზები დაფიქსირდა აგრეთვე 1982-1983 და 1997-1998 წლებში, ხოლო 1991-1992, 1993, 1994 წლებში იგი კვლავ განმეორდა. 1997-1998 წლებში ელ-ნინიო ძლიერად გამოვლინდა, რის გამოც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ელ-ნინიოს რბილი ზამთარი მოაქვს აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლა-ნინიას კი პირიქით, მოაქვს ცივი არქტიკული ჰაერის მასები. ელ-ნინიოსა და ლა-ნინიას შორის იცვლება ნალექიანობაც, სახელდობრ: ელ-ნინიოს მოაქვს ტენიანი პირობები (ამერიკის სამხრეთით), მაშინ როცა ლა-ნინიას — მშრალი.

ელ-ნინიოს მსგავსი ბუნებრივი მოვლენა ჩნდება ატლანტის ოკეანეში, სადაც აფრიკის ეკვატორული სანაპიროები თბება, ხოლო ბრაზილიის სანაპიროები ცივდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]