კადეტთა კორპუსი
კადეტთა კორპუსი — დახურული ტიპის პრივილეგირებული სამხედრო-სასწავლო დაწესებულება რუსეთის იმპერიაში. პირველი კადეტთა კორპუსი გაიხსნა XVII საუკუნის II ნახევარში. 1732 წელს დაარსდა სანქტ-პეტერბურგის კადეტთა კორპუსი. კადეტთა კორპუსებში იღებდნენ თავად-აზნაურთა შვილებს და მათ ამზადებდნენ ოფიცრობისთვის. 1917 წლისთვის რუსეთის იმპერიაში კადეტთა 29 კორპუსი იყო. 1918 წელს რსფსრ-მ კადეტთა კორპუსები დახურა.[1]
საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1871 წელს, საქართველოში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, „თერგდალეულთა“ ჯგუფმა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით გადაწყვიტა, რომ იმპერატორისათვის მისართმევ ადრესში შეეტანა მოთხოვნა თბილისში უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე. თავადაზნაურობის მარშალმა რ. ანდრონიკაშვილმა თვითნებურად უარყო ეს გადაწყვეტილება და იმპერატორს წარუდგინა სხვა ადრესი, რომელშიც უნივერსიტეტის ნაცვლად თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნას ითხოვდა (თავს იმით იმართლებდა, რომ უნივერსიტეტში სწავლება ფასიანი იქნებოდა, კადეტთა კორპუსში კი — უფასო). ამ საქციელის გამო ილია ჭავჭავაძემ დაწერა ორი პამფლეტი: „გამოცანები“ და „კიდევ გამოცანები“.[2][3]
1875 წელს სამხედრო გიმნაზიის (დაარსდა 1871) ბაზაზე გაიხსნა კადეტთა კორპუსი, რომელშიც იღებდნენ საშუალო სამოქალაქო და სამხედრო განათლებას, ენიჭებოდათ უმცროსი ოფიცრის წოდება, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შეეძლოთ სწავლის გაგრძელება სამხედრო აკადემიაში. კადეტთა კორპუსი ექვემდებარებოდა რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროს სასწავლებელთა მთავარ სამმართველოს. დაიხურა 1917 წელს. შენობა მდებარეობდა თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდ. შოთა რუსთაველის გამზირი 33).[2][3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 295.
- ↑ 2.0 2.1 ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 572, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ 3.0 3.1 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 418–419.