კამილა (გაერთიანებული სამეფო)
დედოფალი კამილა | |
---|---|
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი | |
კორონაცია: | 3 მაისი, 2023 |
მმართ. დასაწყისი: | 8 სექტემბერი, 2022 |
მმართ. დასასრული: | დღემდე |
წინამორბედი: | ფილიპე ბერძენი (როგორც პრინცი-კონსორტი) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 ივლისი, 1947 |
დაბ. ადგილი: | ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
მეუღლე: |
ენდრიუ პარკერ ბოულზი (ქ. 1973 - განქ. 1995) ჩარლზ III, გაერთიანებული სამეფოს მეფე (ქ. 2005) |
შვილები: |
ტომ პარკერ ბოულზი ლორა ლოპესი |
სრული სახელი: | კამილა როუზმერი შენდი |
დინასტია: | უინძორები (ქორწინებით) |
მამა: | ბრიუს შენდი |
დედა: | როზალინდ კაბიტი |
რელიგია: | ანგლიკანობა |
დედოფალი კამილა (ინგლ. Queen Camilla), სრული სახელია კამილა როუზმერი შენდი (ინგლ. Camilla Rosemary Shand), აგრეთვე ცნობილია, როგორც კამილა პარკერ ბოულზი (ინგლ. Camilla Parker Bowles; დ. 17 ივლისი, 1947, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და მისი დომინიონების დედოფალი კონსორტი 2022 წლიდან დღემდე, როგორც მეფე ჩარლზ III-ის მეუღლე.
თავდაპირველად ცნობილი გახდა უელსის პრინც ჩარლზთან სასიყვარულო ურთიერთობის გამო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პრინცი ქორწინებაში პრინცესა დაიანასთან იმყოფებოდა. 2005 წელს კამილა და ჩარლზი დაქორწინდნენ, რის შემდეგაც მას კორნუოლის ჰერცოგინიის წოდება მიენიჭა, 2022 წლის 8 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა, იგი დიდი ბრიტანეთის დედოფალი კონსორტი გახდა, რომლის ოფიციალური კორონაციაც 2023 წლის 3 მაისს შედგა.
დედოფალი კამილა წლებია ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში, ეხმარება ოსტეოპოროზით დაავადებულებს, ასევე გაუპატიურების, სექსუალური შევიწროვებისა და თავდასხმების მსხვერპლებს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება და წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამილა როუზმერი შენდი დაიბადა 1947 წლის 17 ივლისს მეფეთა კოლეჯის ჰოსპიტალში, ლონდონში, ინგლისში. იგი იყო წარჩინებული ინგლისელი ოფიცრისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, ბრიუს შენდისა და მისი მეუღლის, ასევე ინგლისელი არისტოკრატისა და ეშკომბის ბარონის ასულ როზალინდ კაბიტის ქალიშვილი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კამილას დიდი ბებია, ელის კეპელი, იყო დედოფალ ვიქტორიას ვაჟის, მეფე ედუარდ VII-ის საკმაოდ ცნობილი საყვარელი, ედუარდ VII კი მეფე ჩარლზ III-ს დიდ ბაბუად ერგება.
არისტოკრატული წარმომავლობის გამო კამილა ყოველთვის ახლოს იყო ბრიტანეთის მაღალ წრეებსა და სამეფო ოჯახთან. მან უმაღლესი განათლება ჯერ ინგლისში, შემდეგ კი შვეიცარიასა და საფრანგეთში მიიღო.
პირველი ქორწინება და ურთიერთობა უელსის პრინცთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამილამ და დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის უფროსმა ძემ და ტახტის მემკვიდრემ, უელსის პრინცმა ჩარლზმა ერთმანეთი ჯერ კიდევ 1970 წელს გაიცნეს, მაშინ, როდესაც ჯერ არცერთი მათგანი არ იმყოფებოდა ქორწინებაში სხვა პირთან. ისინი მალევე ძალიან დაახლოვდნენ და მათ საერთო წრეში არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდები იმისა, რომ პრინცი ჩარლზი კამილას ხელს სთხოვდა, თუმცა ასე არ მომხდარა.
უკვე 1973 წელს კამილა დაქორწინდა ბრიტანული არმიის ოფიცერსა და პრინცი ჩარლზის მეგობარ ენდრიუ პარკერ ბოულზზე. წყვილს 22 წლიანი ქორწინებიდან სულ ორი შვილი შეეძინა: 1. ტომ პარკერ ბოულზი (დ. 1974) და 2. ლორა ლოპესი (დ. 1978). აღსანიშნავია, რომ ქორწინების შემდეგ კამილა და ენდრიუ პრინცის ახლო სამეგობრო წრის ნაწილად რჩებოდნენ. ენდრიუსთან ქორწინებისას კამილა ერთობ მონდომებული ცხენოსანი იყო და ჩაბმული იყო სხვადასხვა საქმიანობაში.
მეორე ქორწინება და დედოფლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამილასა და ჩარლზს შორის რომანტიული ურთიერთობა კამილას ქორწინების შემდეგაც არ დასრულებულა, თუმცა სხვადასხვა გარემოების გამო უელსის პრინცი 1981 წელს ასევე ბრიტანელ არისტოკრატ დაიანა სპენსერზე დაქორწინდა და მისგან ორი ვაჟიც შეეძინა. ქორწინებიდან სულ რამდენიმე წელში კი კამილამ განაახლა ჩარლზთან ძველი ურთიერთობა. პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ჩარლზისა და კამილას ფარული სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზულ ბზარს აჩენდა ჩარლზისა და პრინცესა დაიანას ქორწინებაში, რომელიც საბოლოოდ 1992 წელს დაიანამ ღიადაც დაადანაშაულა კამილა ოჯახის დანგრევაში. 1995 წელს კი უკვე კამილა გაეყარა თავის მეუღლეს, რის შემდეგაც სრულიად ნათელი გახდა მისი და უელსის პრინცის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რასაც 1996 წელს ჩარლზისა და დაიანას განქორწინებაც მოჰყვა, რის შემდეგაც დაიანამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ამ ქორწინებაში ჩვენ ყოველთვის სამნი ვიყავით“. 1997 წელს დაიანა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ დაიანა ხალხში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ფართო მასებში მასთან დაძაბული ურთიერთობის გამო კამილა დღემდე ნაკლებად პოპულარულია.
დაიანას გარდაცვალების შემდეგ ჩარლზმა და კამილამ საზოგადოებაში ღიად დაიწყეს ერთად გამოჩენა, 2005 წლის 10 თებერვალს კი მათი ოფიციალური ნიშნობა დაანონსდა და დედოფალმა ელისაბედ II-მ დალოცა მათი ქორწინება.
ქორწილი 2005 წლის 8 აპრილს იყო დანიშნული, თუმცა გადადება გახდა საჭირო, რადგან პრინცი ჩარლზი ამ დროს რომის პაპ იოანე პავლე II-ის დაკრძალვას უნდა დასწრებოდა. უკვე 9 აპრილს კამილა და ჩარლზი დაქორწინდნენ, თუმცა კამილას უელსის პრინცესის წოდება არ მინიჭებია, ამის სანაცვლოდ იგი კორნუოლის ჰერცოგინია გახდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ქორწილის შემდეგ მან თავად განაცხადა, რომ არ სურდა წოდებოდა პრინცესა და შემდეგში არც დედოფლობა სურდა. თანდათანობით კამილამ თავისი საქველმოქმედო საქმიანობის დამსახურებით დაიწყო ხალხის გულის მოგება. კამილა ცნობილი გახდა იმით, რომ აქტიურად ეხმარებოდა ოსტეოპოროზითა და ძვლის დაავადებებით დაავადებულებს, ასევე ძალადობის მსხვერპლებსა და ხელს უწყობდა წიგნიერების გავრცელებას.
კამილას განცხადებით მას არ სურდა დედოფლის წოდების მიღება და სურდა, რომ ჩარლზის გამეფების შემდეგ გამხდარიყო „მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა კონსორტი“, მაგრამ 2022 წელს დედოფალმა ელისაბედმა განაცხადა, რომ მისი „გულწრფელი სურვილი“ იყო გამეფების შემდეგ ჩარლზის ცოლს დედოფლის წოდება ჰქონოდა, რაზეც კამილა დათანხმდა.
2022 წლის 8 სექტემბერს ელისაბედ II გარდაიცვალა და ჩარლზ III გამეფდა, კამილა კი ელისაბედის სურვილისამებრ გახდა დიდი ბრიტანეთის დედოფალი კონსორტი. 2023 წლის 3 მაისს ჩარლზ III და კამილა ერთად ეკურთხნენ დიდი ბრიტანეთის მეფედ და დედოფლად.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andersen, Christopher (2016). Game of Crowns: Elizabeth, Camilla, Kate, and the Throne. Gallery Books. ISBN 978-1-476-74396-7.
- Brandreth, Gyles (2007). Charles and Camilla: Portrait of a Love Affair. Random House. ISBN 978-0-09-949087-6.
- Dimbleby, Jonathan (1994). The Prince of Wales: A Biography. William Morrow and Company. ISBN 0-688-12996-X.
- Graham, Caroline (2005). Camilla and Charles: The Love Story. John Blake. ISBN 978-1-84454-195-9.
- Junor, Penny (1998). Charles: Victim or Villain?. HarperCollins. ISBN 978-0-00-255900-3.
- —— (2017). The Duchess: The Untold Story. William Collins. ISBN 9780008211004.
- Kelley, Kitty (1997). The Royals. Hachette Digital, Inc. ISBN 978-0-446-51712-6.
- Lacey, Robert (2008). Monarch: The Life and Reign of Elizabeth II. Free Press. ISBN 978-1-4391-0839-0.
- Mayer, Catherine (2015). Born to Be King: Prince Charles on Planet Windsor. Henry Holt and Co. ISBN 978-1-62779-438-1.
- Wilson, Christopher (2003). The Windsor Knot. Citadel. ISBN 0-8065-2386-7.
|