შინაარსზე გადასვლა

კბილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კბილი — ძვლოვანი წარმონაქმნი ადამიანისა და ყბიანი ხერხემლიანი ცხოველების პირის ღრუში (ასევე ზოგიერთი თევზის ხახაში). კბილების დანიშნულებაა საკვების ჩავლება, პირში მოქცევა, მისი მექანიკური დამუშავება — დაღეჭვა, მტაცებლების შემთხვევაში — აგრეთვე მისი დაგლეჯა. ადამიანის კბილები სხვა ორგანოებთან ერთად მონაწილეობას იღებს ბგერათა წარმოქმნაში. ევოლუციის პირობებში კბილები თევზების პლაკოიდური ქერცლისგან (კანისეული კბილებისგან) განვითარდა. ჩანასახოვანი განვითარების პერიოდში კბილები წარმოდგენილია ეპითელური ნაკეცების — „კბილის ფირფიტების“ — სახით, ცალკეული კბილების ჩანასახებით. განვითარების შემდეგ ისინი გარეთ გამოდიან ღრძილის ლორწოვანი გარსის გავლით.[1]

ადამიანის ორფესვიანი საღეჭი კბილის აგებულება

კბილის თავისუფალ ნაწილს ეწოდება გვირგვინი, ქსოვილში ჩამალულს — ფესვი, მათ შემაერთებელ უბანს — ყელი (უმდაბლეს ხერხემლიანთა კბილები უფესვოა; ძუძუმწოვრების ზოგ კბილს 2 — 3 ფესვი აქვს).[2] კბილის ძირითად მასას წარმოადგენს დენტინი (მყარი ქსოვილი), რომელიც გვირგვინზე დაფარულია ემალით ანუ მინანქრით, ფესვისა და ყელის ოლქში კი (ძუძუმწოვრებში) — ძვლის ფენით (კბილის ცემენტი ანუ დუღაბი). კბილის შიგნით არის ღრუ — ფესვის არხი, რომელიც კბილის რბილობით, ანუ პულპითაა ამოვსებული. არხი იხსნება ფესვის ბოლოში, საიდანაც ღრუში შედის სისხლძარღვები და ნერვული ბოჭკოები.[1] ემალი კბილს სიმაგრეს აძლევს, ცემენტი კი — ყბებთან აკავშირებს.[2] კბილის ყველაზე გავრცელებული ფორმაა კონუსისებრი; ის დამახასიათებელია თევზების, ამფიბიებისა და ქვეწარმავლების უმრავლესობისათვის. ამ ცხოველებს ყველა კბილი ერთნაირი აქვთ (ჰომოდონტური სისტემა). ძუძუმწოვრებს ღეჭვითი ფუნქციისა და კვების თავისებურებების გამო კბილების აგებულება რთული აქვთ, იცვლება მათი რაოდენობა და ხდება დიფერენცირება მათი ფორმის მიხედვით (ჰეტეროდონტული სისტემა).[1]

კბილების ფორმისა და აგებულების შესწავლაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ანთროპოლოგიასა და პალეონტოლოგიაში, რადგან თავის ქალის ეს ნაწილი სხვა ნამარხ ძვლოვან ნაშთებზე უკეთ ინახება.[1]

ადამიანის ზედა და ქვედა ყბების მუდმივი კბილები:
  საჭრელი კბილები
  ეშვები
  მცირე საღეჭი/ძირითადი კბილები (პრემოლარები)
  დიდი საღეჭი/ძირითადი კბილები (მოლარები)

ძუძუმწოვრების კბილების სისტემა შეიცავს საჭრელ კბილებს (1 — 5 წყვილი თითოეულ ყბაზე), ეშვებს (1 წყვილი) და საღეჭ კბილებს (8 წყვილამდე), რომლებიც ორნაირია — მცირე და დიდი (ვეშაპებს მეორეული ჰომოდონტიზმი ახასიათებთ). კბილების ფორმა და ზომა დამოკიდებულია ცხოველის საკვების ხასიათზე და, შესაბამისად, ეკოლოგიურ თავისებურებებზე.[2] საჭრელებს ბრტყელი გვირგვინი და მჭრელი კიდეები აქვს, გამოიყენება საკვების ჩასავლებად და მოსაკბეჩად; ეშვები კონუსისებრია, გამოიყენება საკვების ჩასავლებად და დასანაწევრებლად (მტაცებლებში) და წარმოადგენს თავდაცვის საშუალებას (ყოვლისმჭამელ წყვილ- და კენტჩლიქოსნებში, ზოგიერთ ფარფლფეხიანსა და ვეშაპისნაირში); უკანა კბილები — ძირითადები ანუ საღეჭები კუბისებრი ფორმის გვირგვინითაა წარმოდგენილი, საღეჭ ზედაპირზე 2 — 5 ბორცვაკით, მათი დანიშნულება საკვების დაქუცმაცება და დაფქვაა. საღეჭ კბილებს შორის განასხვავებენ მცირე ძირითად (პრემოლარებს, 3 — 4 წყვილი) და დიდ ძირითად (მოლარებს, 3 — 4 წყვილი) კბილებს, რომლებსაც ორი ან მეტი ფესვი აქვს. ზედა და ქვედა ყბის კბილები ერთმანეთს ეჯრის და თანკბილვას წარმოქმნის. სხვადასხვა სახეობების კბილის ფორმა და რაოდენობა მეტნაკლებად მუდმივია და მთავარ სისტემეტიკურ ნიშანს წარმოადგენს. მტაცებელთა კბილების რაოდენობა არ აღემატება 44-ს; წყვილ- და კენტჩლიქოსანთა, მღრღნელთა და სხვათა შემთხვევაში რაოდენობა ძლიერ ცვალებადია; ზოგიერთ არასრულკბილიანს 18 — 20 კბილი აქვს; ზოგიერთ ჩანთოსანს — 58-მდე; დელფინისებრთა ოჯახის კბილიან ვეშაპებს — 250-მდე.[1] განსაკუთრებით მრავალგვარია ძუძუმწოვრების საღეჭი კბილები, ზოგჯერ მძლავრადაა განვითარებული საჭრელი კბილებიც (მაგ., სპილოს შუანები).[2] მტაცებლებს კარგად აქვთ განვითარებული ეშვები, მღრღნელებს — საჭრელები და საღეჭები; ეშვებს კი კარგავენ და მათ ადგილას დიასტემა წარმოიქმნება. ნახევრად მაიმუნებისა და მაიმუნების კბილების რაოდენობა არ აღემატება 32-ს (ცხვირვიწრო მაიმუნები); ამდენივე აქვს ადამიანს.[1]

მრგვალპირიანებს უვითარდება განსაკუთრებული რქოვანი კბილები. თევზების კბილები განლაგებულია პირის ღრუს რბილ ქსოვილებსა და ძვლებზე, სალაყუჩე რკალებზე (ხახისმიერი კბილები). ზოგიერთ თევზს (მ.შ. ხლაკუნასებრებს და კობრისებრებს) მხოლოდ ხახისმიერი კბილები აქვს. ზრდასრულ ზუთხისებრებს კბილები საერთოდ არ აქვთ. ამფიბიების კბილები განლაგებულია პირის ღრუს ძვლებზე, ქვეწარმავლებს ისინი ხშირად ყბებზე აქვთ შეზრდილი. შხამიან გველებს ზედა ყბაზე უვითარდებათ შხამიანი კბილები, რომლებიც არხით დაკავშირებულია შხამიან ჯირკვლებთან. დღეისათვის არსებულ კუებს კბილები არ აქვთ: მათ ფუნქციას ასრულებს ყბების რქოვანი შალითების მჭრელი კიდეები. ფრინველების შემთხვევაში კბილები ჰქონდა მხოლოდ ნამარხ ფორმებს (არქეოპტერიქსი, იქთიორნისი და სხვ.; იხ. კბილებიანი ფრინველები).[1] უმდაბლეს ცხოველებს კბილები ყბის კიდეზე მიმაგრებული აქვთ ფუძით (აკროდონტიზმი), ქვეწარმავლების უმრავლესობას — გვერდითი ზედაპირით (პლევროდონტიზმი), ძუძუმწოვრების, ნიანგების, ზოგი ნამარხი ქვეწარმავლისა და თევზების ცალკეული ფორმების კბილები ჩამჯდარია ბუდეებში — ალვეოლებში (თეკოდონტიზმი).[2]

კბილები განვითარდა კანისეული ჩონჩხის ელემენტების — პლაკოიდური ქერცლის გარდაქმნის შედეგად, მეზოდერმული ღვრილისა (წარმოქმნის დენტინს, ცემენტს, პულპას) და მასზე ჩამოცმული ექტოდერმული ჩაჩისაგან (წარმოქმნის ემალს). მოცვეთილი კბილი იცვლება ახლით (მოცვლა). ხერხემლიანების უმრავლესობა (ძუძუმწოერებს გარდა) კბილებს რამდენჯერმე იცვის (პოლიფიოდონტიზმი); ძუძუმწოვრების უმრავლესობა — ერთხელ (დიფიოდონტიზმი, პირველად სარძევე კბილი ამოდის, მეორედ — მუდმივი), ზოგი კი (ზოგი არასრულკბილიანი, ვეშაპი) საერთოდ არ იცვლის (მონოფიოდონტიზმი).[2] ზოგჯერ ზოგიერთი კბილი არ ვითარდება; კბილთა სისტემის ნაწილობრივი რედუქცია კბილებს შორის შუალედის (დიასტემა) გაჩენას იწვევს. ზოგიერთი ძუძუმწოვრის კბილები მუდმივად იზრდება (მღრღნელების ზედა საჭრისები, შუანი).[1]


ადამიანის კბილების ფურმულის ორგვარი ჩანაწერი

კბილების რაოდენობა ცვალებადია. ძუძუმწოვრებს შედარებით ნაკლები აქვთ. კბილების საერთო რიცხვს და თითოეული სახის კბილის რაოდენობას სისტემატიკური მნიშვნელობა აქვს. ძუძუმწოვრების კბილების რაოდენობა და შემადგენლობა კბილების ფორმულით გამოიხატება;[2] მასში ჩვეულებრივ მითითებულია კბილთა რაოდენობა ზედა (მრიცხველი) და ქვედა (მნიშვნელი) ყბის თითოეულ ნახევარში.[1] ცხოველთა თითქმის ყველა ჯგუფში აღინიშნება უკბილო ფორმები (ზოგჯერ მთელი ჯგუფია უკბილო).[2]

ადამიანის კბილები საღეჭ-სამეტყველო აპარატის ურთიერთდაკავშირებულ ორგანოთა კომპლექსია, რომელიც მონაწილეობს ღეჭვის, ბგერათა წარმოქმნის და მეტყველების აქტებში. კბილები გარემოცულია სხვადასხვა ანატომიური წარმონაქმნით და მათთან ერთად ქმნის მეტამერულად განლაგებული კბილების ორგანოებს. ყოველი კბილი ყბის სათანადო მონაკვეთთან ერთად წარმოადგენს ყბა-კბილის სეგმენტს, რომელიც მოიცავს კბილებს, ლორწოვანი გარსით დაფარულ ყბის ფოსოს (ალვეოლა), კბილების საფიქსაციო აპარატს, სისხლის ძარღვებსა და ნერვებს, ადამიანს 2 წლის ასაკში მთლიანად აქვს განვითარებული ყველა სარძევე კბილი, ხოლო 5–6 წლიდან ეწყება მათი მოცვლა და მუდმივი კბილებით შევსება. ყბიდან ამოწეული კბილების გვირგვინების ერთობლიობა წარმოქმნის ზედა და ქვედა კბილების რკალებს. პირის მოკუმვისას კბილების ურთიერთობას თანკბილვა ეწოდება. ზედა და ქვედა ყბის მოპირისპირე კბილებს ანტაგონისტებს ეძახიან. ყოველ კბილს აქვს თავისი მთავარი და დამატებითი ანტაგონისტი. სტომატოლოგიაში კბილების რიგის აღსანიშნავად მიღებულია კბილების ფორმულა, რომელშიც ცალკეული კბილები აღინიშნება ციფრით, კბილების ლათინური სახელწოდების პირველი ასოთი ან ორივეთი ერთდროულად. თუ რიგში ან ყბაზე ყველა კბილი შენარჩუნებულია, ასეთ რიგს ან ყბას სავსე ეწოდება.[2]

ადამიანის კბილები

საჭრელი კბილები, ეშვები და ქვედა პრემოლარები ერთფესვიანია, ზედა პრემოლარები და ქვედა მოლარები — ორფესვიანი, ხოლო ზედა მოლარებს 3 — 3 ფესვი აქვს. კბილებს კბილბუდეში ამაგრებს ბოჭკოთა რთული სისტემა. ეს ბოჭკოები გაჭიმულია კბილებსა და კბილბუდეს, კბილებსა და ღრძილს და კბილსა და კბილს შორის. ადამიანს ყოველ ყბაზე ჯერ 10 მოსაცვლელი (სარძევე) კბილი ამოსდის (4 საჭრელი, 2 ეშვი და 4 ძირითადი), შემდეგ კი 16 მუდმივი კბილი (4 საჭრელი, 2 ეშვი, 4 პრემოლარი და 6 მოლარი).[2]

ვიდრე ბავშვი ძუძუს წოვს და კბილები არ სჭირდება, კბილების მაგივრობას ასრულებს ღრძილის თავისუფალ კიდეზე დართული ლორწოვანი გარსის მორგვი, რომელიც უადვილებს ბავშვს ძუძუს დვრილის პირში დაჭერას და წოვას. შემდეგ იწყება მოსაცვლელი კბილების ამოჭრა (საჭრელი კბილების 6–9 თვეზე, პირველი ძირითადი კბილებისა — 12–14 თვეზე, ეშვებისა — 15–20 თვეზე, მეორე ძირითადი კბილებისა — 20–30 თვეზე). სარძევე კბილებს ბავშვი იმავე რიგით იცვლის, როგორც ამოსდის. სარძევე კბილების ადგილას ამოსულ მუდმივ კბილებს შემცვლელი ეწოდება (ყოველ ყბაზე 10), დანარჩენ 6 კბილს კი — დამატებითი. მუდმივი კბილების ამოსვლა იწყება 5–6 წლიდან (საჭრელი კბილები) და მთავრდება 14 წლისათვის. მე-3 მოლარები ანუ „სიბრძნის“ კბილები 17–25 წლის ასაკში ამოდის.[2]

კარიესი

კბილის დაავადებები შესაძლოა წარმოშვას მასზე არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებამ (მ.შ. მჟავის ან ტუტის ზემოქმედებამ, მექანიკურმა ტრავმამ), შიდა ორგანოებისა და ორგანიზმის სისტემების დაავადებებმა ან შეიძლება იყოს თანდაყოლილი. დაავადებული კბილი შესაძლოა გახდეს ინფექციის კერა და მოიტანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლებისა და სახსრების მოქმედების მძიმე დარღვევები. ადამიანის კბილის ყველაზე მეტად გავრცელებული დაზიანებებია: კბილის ქვა, კარიესი, პერიოდონტიტი, პულპიტი და სხვ. კბილების დაავადებებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას შეისწავლის სტომატოლოგია.[1]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Зубы // Большая российская энциклопедия. т. 10. — М., 2008. — стр. 586–587.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 ნათაძე ლ., აბაშიძე ვ., კბილები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 454.