შინაარსზე გადასვლა

კვეტერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კვეტერა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კვეტერა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
კვეტერის გუმბათოვანი ეკლესია

კვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 12 კმ-ზე. ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია.

წყაროებში პირველად კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037) დროიდან, XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება[1], თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. იყო კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდან ისპობა და შემდეგ წყაროებში იგი აღარ იხსენიება.

1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ. ლომთათიძე. გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა, რომელიც ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ისტორია

კვეტერის ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება[2], თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას.[3]

კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წლები) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაჰყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წლები), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო.[1] აღნიშნულის შესახებ მემატიანე გვამცნობს:

ვიკიციტატა
„და მოირჭუნა ბაგრატ და განძლიერდა უფროს ყოველთა მეფეთა მის ქუეყანისათა და ამან წარიხუნა ყოველნი ციხენი ჰერეთისა და კახეთისანი, თვინიერ კუეტარისა და ნახჭევანისა.[4]

საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება.

არქეოლოგიური გათხრები

1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტთან ერთად (ხელმძღვანელი გ. ლომთათიძე). ზედა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ბურჯის ქვეშ გამოვლინდა ადრინდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნაშთი, გაითხარა სასახლე, გაიწმინდა გუმბათოვანი ეკლესია, ციხის წყალსაცავი, მთავარი (დასავლეთის) კარიბჭე, რვაწახნაგა კოშკი, დადგინდა წყალსადენის ტრასა. დიდი რაოდენობით გამოვლინდა მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭელი, მოჭიქული კრამიტი, ფაიანსის ნატეხები, მინის ჭურჭელი და სამაჯურები, სპილენძის მონეტა და სხვა. აღმოჩენილი მასალა, რომელიც IX–XIII საუკუნეებით დათარიღდა, ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე საწარმოო წუნის, ნახევარფაბრიკატებისა და მეთუნეობასთან დაკავშირებული საგნების აღმოჩენა, აგრეთვე ზოგიერთი ჭურჭლის თავისებურება მოწმობს, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებში საკუთარი სამეურნეო წარმოება ჰქონია.

1968-1970 წლებში სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ (არქიტექტორი ო. თორთლაძე, კონსულტანტი არქიტექტორი ლ. რჩეულიშვილი) ძეგლზე ჩაატარა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები: აღადგინეს და მოჭიქული კრამიტით გადახურეს გუმბათოვანი ეკლესია. აღდგენილ იქნა სასახლის დანგრეული ნაწილები. 1984 წელს დამუშავდა ძეგლის აღდგენა-გამაგრებისა და კონსერვაციის პროექტი (არქიტერტორი ი. მოსულიშვილი). 1987-1991 წლებში მიმდინარეობდა ძეგლის აღდგენა-კონსერვაცია, რომელიც ბოლომდე ვერ დასრულდა. 1991 წელს ადგილობრივი მოსახლეობის ძალებით უხარისხოდ შეკეთდა ქვედა ციხის გალავნის ჩრდილოეთი კედელი.

ნაგებობები

კვეტერის გრანდიოზული ნანგრევები მაღალ მთაზეა, გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. მისი მოხაზულობა უსწორმასწოროა და მკვეთრადაა წაგრძელებული აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულებით (308 х 85 მ). ციხის ყველაზე მაღალი და შედარებით სწორი ადგილი უჭირავს შიდა ციხეს (ციტადელი), რომელიც დანარჩენი ნაწილისგან ზღუდითვეა გამოყოფილი. მეორე ნაწილი (ქვედა ციხე) ბევრად უფრო დიდია. შიდა და ქვედა ციხეებს შორის დონეთა სხვაობა 35 მეტრია. ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესიაა განლაგებული.[5]

შიდა ციხე

შიდა და ქვედა ციხის გეგმა

შიდა ციხე გეგმით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული მრავალკუთხედია, რომლის კედლებშიც ჩადგმულია მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები, გამაგრებულია კონტრფორსებით. ფართობი დაახლოებით შეადგენს 3500 მ²–ს.

შიდა ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია დარბაზული ეკლესია, გუმბათოვანი ეკლესია, სასახლე, დამხმარე ნაგებობათა და წყალსაცავის ნაშთები. შიდა ციხეს ორი შესასვლელი აქვს — ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ამ უკანასკნელით იგი ქვედა ციხეს უკავშირდება. შიდა ციხის აღმოსავლეთის ორივე კუთხეში ჩართულია დიდი მრგვალი კოშკები. ორივე კოშკის კედელი ეზოს მხარეს სწორია და მთელი ტანით გალავნის გარეთ არის გასული. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგარი (სასიგნალო?) კოშკი მასიურია (დიამეტრი 7 მ, სიმაღლე 16,6 მ), აქვს მოსწორებული თავი, რომელზედაც გალავნის კედელში მოწყობილი ღია კიბე ადის. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულია სამსართულიანი კოშკი (დიამეტრი 5,3 მ, სიმაღლე 12,2 მ). კოშკის პირველ და მეორე სართულებს შესავლელი ცალ-ცალკე აქვს ეზოდან. ორივე შესასვლელი თაღოვანია. მესამე სართული გადაუხურავ, მაღალი კედლით შემოზღუდულ ბანს წარმოადგენს. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა მოწყობილი (შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები). მეორე სართულის გადახურვის კოჭები კი, ბანის კედლის დავიწროებით მიღებულ საფეხურს ეყრდნობოდნენ.

გალავანი

გალავნის ჩრდილოეთ კედელში ჩრთულია ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაშორებული სამი სწორკუთხა კოშკი, რომლებიც კედლის მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად გვიანი შეკეთების დროსაა აგებული. სამივე კოშკი ძლიერაა დაზაინებული, მათგან აღმოსავლეთით მდგარი, გეგმით კვადრატული (5 X 5 მ) კოშკი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. კოშკის დასავლეთ კედელში (სიმაღლე 1,7 მ) შემორჩენილია შესასვლელის კვალი. შუა კოშკი (7,5 X 4,5 მ), რომელიც სასახლის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეზე ჩრდილოეთიდანაა მიდგმული, მხოლოდ ორი სართულის სიმაღლეზე დგას. ერთადერთი შესასვლელი კოშკის პირველი სართულის სამხრეთ კედელშია. შესასვლელს წინიდან რამდენიმე საფეხურიანი ქვის კიბე ადგება, რომელიც სასახლის ჩრდილო - დასავლეთ კუთხეშია მოწყობილი. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. კოშკის დასავლეთ კედელს ებმის გალავნის ჩრდილოეთ კედელში (კოშკის ძირში) გაჭრილია ვიწრო სათადარიგო კარი (ამოშენებულია), რომელსაც გვერდებზე თითო ნახევარწრიული კონტრფორსი აქვს. მესამე, დასავლეთით მდგარი კოშკიდან, მხოლოდ სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხის ნაწილია შემორჩენილი, სამი სართულის სიმაღლეზე. შესასვლელი კოშკს სამხრეთიდან ჰქონია, მიწიდან 1,8 სიმაღლეზე.

გალავნის სამხრეთ კედლის შუაში ჩართული სწორკუთხა (6,8 X 5,3 მ.) კოშკისაგან მხოლოდ დასავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ნაწილებია შემორჩენილი. ეზოს მხარეს, პირველი სართულის ჩრდილოეთ კედელში შემორეჩნილია კარის დასავლეთ წირთხლი და მის ზემოთ მდებარე პატარა სწორკუთხა ხვრელობი. ამავე კედელში, მეორე სართულის დონეზე — დიდი თაღოვანი სარკმლის დასავლეთ ნახევარი. კოშკს ხის სართულშუა გადახურვა ჰქონია. კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან მოწყობილია კარი, რომლითაც შიდა ციხე ქვედა ციხეს უკავშირდებოდა. შიდა ციხის დასავლეთ კუთეში მდგარა მრგვალი კოშკი (შემორჩენილია საძირკველი).

დარბაზული ეკლესია

კვეტარის დარბაზული ეკლესია გეგმით ოთხკუთხაა (შიდა ზომები აფსიდის გარეშე: 6,1X3,1 მ, გრძივი კედლების სისქე 1,07 მ, დასავლეთის კედლის სისქე 2,05 მ). განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. მდებარეობს შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. ამ ადგილას მდგარა ციხის აგებამდე. ციხის მშენებლობის დროს მისი აღმოსავლეთ ნაწილი აქ აგებული მასიური კოშკის ტანში მოუქცევიათ და აფსიდა მთლიანად ქვა-დუღაბის ბეტონით შეუვსიათ.

ეკლესია ნაშენია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. შემორჩენილი კედლები შიგნიდან და გარედან ბათქაშითაა დაფარული. შესასვლელი სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. ორივე კარი ხის ძელებით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია ძელების საყრდენი ბუდეები). აფსიდა ნალისებრი ფორმისაა, გადახურულია კონქით (აფსიდისა და კონქის ნაწილი აფსიდის შემავსებელ ბეტონში არსებულ ხვრელში მოჩანს). დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული, რომლის ქუსლები გრძივ კედლებზეა შემორჩენილი. ეკლესიას სამხრეთიდან მცირე ზომის, გეგმით სამკუთხა მოხაზულობის სათავსი ეკვრის (შემორჩენილია 1,5 მ სიმაღლის კედლები).

გუმბათოვანი ეკლესია

გუმბათოვანი ეკლესიის გეგმა

გუმბათოვანი ეკლესია (10,5 X 9,8 მ) დგას შიდა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნება X საუკუნეს. შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია შირიმის კარგად გათლილი, ნაწილობრივ დიდი ზომის (100 X 60,80 X 100) ფილებით, რომლებიც სწორ ჰორიზონტალურ რიგებს ქმნის. ეკლესიის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია ნახევარსფერული გუმბათით დასრულებული ცილინდრული ყელი. ჯვრის ოთხივე მკლავი ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება. მკლავებს შორის, გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში გეგმით წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. ოთხივე აფსიდის წინ ნახევარწრიული კამარით გადახურული ბემაა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის აფსიდების ბემები ჩრდილო და სამხრეთ ბემებზე ორჯერ უფრო ღრმაა, რის გამოც ჯვრის აღმოსავლეთ–დასავლეთის ღერძი რამდენამდე აღემატება სამხრეთ–ჩრდილოეთის ღერძს. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთ აფსიდებშია გაჭრილი. ორივე კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან — თაღოვანი. საკურთხეველში თანაბარი სიმაღლის სამი თაღოვანი სარკმელია. დანარჩენ აფსიდებში — თითო. თითო თაღოვანი სარკმელია მკვალებს შორის მოქცეულ ნიშებშიც. ჯვრის ოთხივე მკლავის ბოლოებში სამ–სამი შეჯგუფებული ნახევარსვეტია, რომლებსაც საერთო ოთხწახნაგა კაპიტელი აგვირგვინებს; კაპიტელზე დაყრდნობილია როგორც გუმბათქვეშა, ისე მკლავებს შორის მოქცეული ნიშების თაღები. გუმბათქვეშა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები ოდნავ ნალისებრი ფორმისაა, დანარჩენი ორი — ნახევარწრიული. აფსიდებისა და გუმბათვეშა თაღების ქუსლებთან თაროსა და შეწყვილებული ლილვისგან შედგენილი იმპოსტებია. ასეთივე იმპოსტებია გამოყოფილი კუთხის სივრცეების გადამხურავი ნახევარსფეროების საფუძვლის მთელ პერიმეტრზე. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასასვლელად გამოყენებულია ერთი-მეორის მიმართ გადმომჯდარი თაღების სისტემა. გუმბათქვეშა თაღებისა და მკლავებს შორის მოქცეული ნიშების თაღების თავზე, კონსოლებზე დაყრდნობილი და საფეხურით გამოშვერილი თითო თაღია. ნიშების თაღების ზემოთ (გუმბათქვეშა თაღების წვერის დონეზე) მოწყობილია კიდევ ორ–ორი ასეთი თაღი, რომელთა შორის მოქცეული არეები შევსებულია შიგნითკენ ოდნავ გადმოხრილად დაწყობილი ქვის ფილებით, რომლებიც თაღებთან ერთად გუმბათის ყელის წრიულ საფუძველს ქმნიან.

გუმბათის ყელს მარტივი პროფილის (თარო, დახრილი სიბრტყე და ლილვი) სარტყელი შემოუყვება. გუმბათის ყელში ექვსი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი.

კვეტერის ეკლესიის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ეკლესიის შიდა სივრცის სტრუქტურას სავსებით შეესაბამება მისი გარეთა ფორმები. გარედან ოთხივე აფსიდი ჩაწერილია ხუთწახნაგოვან შვერილში, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე მათ შორის მოქცეული ნიშების შვერილები. მათ ზემოთ, მკლავებს შორის, გუმბათვეშა კვადრატის კუთხეებია. მკლავებს შორის მოქცეულ ნიშებს და გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებს დამოუკიდებელი გადახურვა აქვს. კვრის მკლავების შვერილების წიბოებს სამ-სამი შეჯგუფებული სადა ლილვი ასდევს, რომლებსაც ნახევარწრიული თაღები ეყრდნობა. ლილვები სამაჯურებიანი ბურთულებით არიან დაბოლოებული და დაყრდნობილი არიან კვადრატულ ბაზისებზე. ანალოგიური ფორმისაა მათი კაპიტელებიც. კუთხის ნიშების შვერილები ნახევარწრიული ფორმისაა.

თითოეული მათგანის ღერძს, ცოკოლიდან სარკმლის ძირამდე, აუყვება კვადრატულ ბაზისზე დაყრდნობილი შეწყვილებული ლილვი. ლილვები სარკმლის ძირთან განშტოებულია, ევლებიან ორგვლივ სარკმელს და ერთვიან სარკმლის ზემოთ (ლავგარდნის ძირის დონეზე) ჰორიზონტალურად გამავალ ლილვს. მკლავების შვერილების ანალოგიური მოტივითაა დეკორირებული გუმბათის ყელიც. მისი ზედაპირი დანაწევრებულია თორმეტი დეკორატიული თაღით, რომლებიც ორი ლილვისგან შედგენილ ჰოტიზნტალურ სარტყელს ეყრდნობიან.

ეკლესიის მკლავებს, კუთხის ნიშების შვერილებს და გუმბათის ყელს შემოვლებული აქვს მკვეთრად შვერილი ლავგარდანი, რომლის პროფილს ქმნის ორ ლილვს შორის მოქცეული ირიბი სიბრტყე. ეკლესიის გუმბათი დაბალი, მრუდხაზოვანი სახურავითაა გადახურული. სახურავები დაბურულია ლაჟვარდისფრად მოჭიქული კრამიტით.

სასახლე

კვეტერის სასახლის ნაშთები
ჯაბა ლაბაძის ფოტო

სასახლე დგას გალავნის ჩრდილოეთ კედელთან. განეკუთვნება X-XI საუკუნეებს.[6] ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შედგება გეგმით სწორკუთხა ორი ნაწილისგან. მათგან ერთი (16,5 X 9,2 მ) ორსართულიანია, ხოლო მეორე რომელიც ძირითად ნაწილზე ჩრდილოეთიდანაა მიდგმული – ერთსართულიანი. ეს უკანასკნელი ძირითად ნაწილზე ოდნავ გრძელია (სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხის წინ შემორჩენილია ამ ნაგებობის სამხრეთ კედლის მცირე ნაწილი). ერთსართულიან ნაწილს დასავლეთიდან (მთელ სიგანეზე), გეგმით სწორკუთხა სამსართულიანი კოშკი ეკვრის, რომელიც მთლიანად ფარავს სასახლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს. ამ კუთხეშია მოწყობილი კოშკის ერთადერთი შესასვლელი.

სასახლის პირველი სართული დამხმარე დანიშნულებისა ყოფილა. მის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თითო სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში — ფართო და მაღალი თაღოვანი ბუხარი. შიგნით ქვედა სართულის კედლები, ზედა სართულის კედლებთან შედარებით, რამდენადმე სქელია, რაც სართულშუა გადახურვის დონეზე გადახურვის ძელების საყრდენ საფეხურს ქმნის.

კვეტერის კოშკის საერთო ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

მეორე სართული მისაღები დარბაზია, შესასვლელი მას სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში აქვს. განივ კედლებში ორ–ორი, ხოლო სამხრეთ კედელში სამი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლებიც ორივე მხრიდან კედლის საფეხურით შეღრმავებულ თაღოვან არეში არიან ჩასმული. სარკმლებისა და შეღრმავებების თაღები ოდნავ ოვალურია – მსუბუქი ტეხილით წვერთან. შესასვლელის წინ სწორკუთხა ბაქანი ყოფილა. იგი დაყრდნობილი იყო ნახევარწრიული თაღებით დაკავშირებულ ოთხ ბურჯზე. ბაქანზე ადიოდა ღია ორმარშიანი კიბე, რომლის კვალი პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელზეა შემორჩენილი. დარბაზს მეორე კარი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან აქვს. ამ კარით იგი ჩრდილოეთიდან მიდგმული ნაგებობის თავზე არსებულ ტერასას უკავშირდებოდა.

ქვედა ციხე

კვეტერის კოშკის შიდა ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ქვედა ციხეს მთის სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთი ფერდის ნაწილი უკავია. მისი ფართობი დაახლოებით 25 000 მ²–ს შეადგენს, გალავნის საერთო სიგრძე — დაახლოებით 540 , სისქე 1,1 . გალავნის კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილი კედლების საშუალო სიმაღლე 4,5 მეტრია. საბრძოლო ბაქანი აქაც ხისა ყოფილა.

ქვედა ციხეს ორი კარიბჭე აქვს. მათგან მთავარი გალავნის სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია, ციხის ყველაზე დაბალ ადგილზე. ამ მხრიდან ციხეს ერთადერთი მისასვლელი გზა ადგება. კარიბჭის წინ კლდის ქარაფია, მათ შორის კი ვიწრო გასასვლელია დარჩენილი. მეორე კარიბჭე აღმოსავლეთითაა, გალავნის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებს შერთვსი ადგილზე. მთავარი კარიბჭე მოქცეულია ორ მძლავრ ბურჯს შორის. მათგან ერთი, გეგმით წრიული (დიამეტრი ფუძის დონეზე 3 მ, სიმაღლე 7,8 მ) და ზემოთკენ შევიწროებული — მასიურია, ხოლო მეორე ნახევარწრიულია, სამსართულიანი (სიმაღლე 9 ) და ეზოს მხრიდან მთელ სიმაღლეზე ღიაა. ბურჯის პირველი და მეორე სართული კარიბჭის მცველთა სადგომს წარმოადგენდა. მესამე სართული ქონგურებიანი (შემორჩენილია ნაწილები) ღია ბანი ყოფილა. მეორე კარიც ბურჯებს შორისაა მოქცეული, რომლებიც მთლიანად გალავნის ხაზს გარეთ არიან გასული. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ სამსართულიანი ბურჯი. ეზოს მხრიდან ბურჯის სამივე სართული გახსნილია, ხის სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია (შემორჩენილია ხის ძელების საყრდენი ბუდეები). მესამე სართული ხუთი მოზრდილი ზომის ქინგურით შემოზღუდულ ღია ბან სწარმოადგენს. ქონგურები იატაკის დონიდან იწყებიან და ორკალთა დაბოლოება ჰქონიათ (მთელ სიმაღლეზე შემორჩენილია მხოლოდ ერთი). ბურჯებს შორის მოქცეულია ქონგურებით დასრულებული სწორი კედელი, რომელზეც, ეზოს მხრიდან, საბრძოლო ბაქანი ყოფილა მოწყობილი. კედლის შუაში ხის ძელებით გადახურული ვიწრო კარია.

ქვედა ციხის დასავლეთ ნაწილში, კარიბჭესთან ახლოს, დგას შერჩეული რიყის ქვითა და ნატეხი ქვით ნაგები რვაკუთხა კოშკი (სიმაღლე 9 მ). გარედან წყობას ბათქაში აქვს გადასმული, ისე რომ ზედაპირი საკმაოდ გლუვია. კოშკი დგას დაბალ სწორკუთხა საფუძველზე, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ამ მხრიდან საფუძველს პატარა მინაშენი ჰქონია (შემორჩენილია კედლის ნაწილებიც). კოშკი შიგნით მრგვალია და მთელ სიმაღლეზე აქვს ოსტატურად ნაგები ქვის ხვეული კიბე, რომელიც განათებულია ხუთი პატარა სარკმლით. კოშკს თავი მონგრეული აქვს.

კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გალავნის კედელთან ახლოს, შემორჩენილია პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. კოშკის ირგვლივ საკმაოდ დიდ ფართობზე მრავლადაა შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები.

წყალი ციხეს თიხის მილებით მიეწოდებოდა სამხრეთ-დასავლეთიდან.

საინტერესო ფაქტები

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[7].

2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[8]

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • მუსხელიშვილი დ., საღარაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 496.
  • ვაჩნაძე დ., სასახლე კვეტერაში, ძეგლის მეგობარი, 1989, N84.
  • ციციშვილი ირ., ქართული არქიტექტურის ისტორია, თბ., 1955.
  • ციცხვაია ხ., კვეტერა, გაზ. „ბახტრიონი“ (ახმეტა), 1966 წლის 24 დეკემბერი.
  • ზაქარაია პ., ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები, თბ., 2001.
  • კიკილაშვილი ვ., კვეტერა, გაზ. „ახალი ეპოქა“ 2003 წლის 15-21 აგვისტო
  • დავით მინდორაშვილი, კვეტერის ციხის არქეოლოგიური მასალა, თბ., 2010, ISBN 978-9941-0-2733-8
  • ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა, თბ., 2011
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, თბ., 2010
  • საქართველოს სულიერი საგანძური, წ. I, თბ., 2005

სქოლიო

  1. 1.0 1.1 დინარა ვაჩნაძე, სასახლე კვეტერაში, ძეგლის მეგობარი, 2, 1989 წ. გვ. 37-45
  2. კვეტერას ციხესიმაგრე და ეკლესია, ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ. 14., თბ., 2007 წ., გვ.141
  3. საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I, თბ., 2005, გვ. 136.
  4. ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბ., 1955, გვ. 306
  5. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004, გვ. 97
  6. ირ. ციციშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995, გვ. 107
  7. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
  8. კვეტერა იუნესკოს საცდელ სიაში