ლუნა-2
ლუნა-2 | |
---|---|
ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური „ლუნა-2“ | |
მისია | მთვარის შესწავლა და მის ზედაპირამდე მიღწევა |
COSPAR ID | 1959-014A |
მისიის ხანგრძლივობა | 38.5 სთ |
ტექნიკური მახასიათებლები | |
მწარმოებელი | ОКБ-1 |
მასა | 390.2 კგ |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 12 სექტემბერი, 1959 06:39:42 UTC |
რაკეტა-მატარებელი | 8К72 № 43-7 (Л1-7Б) |
მისიის დასრულება | |
ჩამოვარდა | 13 სექტემბერი, 1959 21:02:24 UTC |
დაცემის კოორდინატები | 29°06′N 0°00′E / 29.1° ჩ. გ. -0° ა. გ. |
„ლუნა-2“ (რუს. «Луна-2», «Е-1А № 7») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1959 წლის 12 სექტემბერს, მთვარისა და კოსმოსური სივრცის შესასწავლად. „ლუნა-2“-ის ექსპერიმენტული მონაცემებით გამოირკვა, რომ მთვარეს საკუთარი მაგნიტური ველი და რადიაციული სარტყელი არა აქვს.
„ლუნა-2“-ის ტექნიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაკეტა-მატარებლის ბოლო საფეხურის მასა იყო 1511 კგ (კონტეინერის — აპარატურიანად 390.2 კგ). „ლუნა-2“ წარმოადგენდა ბურთის ფორმის კონტეინერს სამეცნიერო და რადიოტექნიკური აპარატურით. იგი იყო ჰერმეტიზირებული და გაზით სავსე. მასში გათვალისწინებული იყო თბური რეჟიმის ავტომატური რეგულირების სისტემა.
ასს „ლუნა-2“-ს ამოცანებს შეადგენდა:
- დედამიწის მაგნიტური ველის და მთვარის მაგნიტური ველის გამოკვლევა;
- დედამიწის ირგვლივ რადიაციის სარტყელთა გამოკვლევა;
- კოსმოსური გამოსხივების ინტენსიურობისა და ინტენსიურობის ვარიაციების გამოკვლევა;
- კოსმოსურ გამოსხივებაში მძიმე ატომბირთვთა გამოკვლევა;
- პლანეტათშორისი ნივთიერების აიროვანი კომპონენტის გამოკვლევა;
- მეტეორული ნაწილაკების შესწავლა.
მთელი მეცნიერული ინფორმაციის დედამიწაზე გადმოსაცემად, მოძრაობის პარამეტრების გადმოსაცემად და ასს-ის ფრენის საკონტროლებლად მასზე დადგმული იყო:
- რადიოგადამცემი, რომელიც მუშაობდა ორ — 20.003 და 19.997 მეგაჰერცის სიხშირეებზე. გადამცემი გამოასხივებს სიგნალებს 0.8-1.5 წამის ხანგრძლივობის სატელეგრაფო ნიშნების სახით და იმუშვებდა იმდაგვარად, რომ პირველი სიხშირის 20.003 მეგაჰერცის გამოსხივებაში პაუზების დროს იმპულსები გადმოიცემა მეორე სიხშირეზე — 19.997 მეგაჰერცზე;
- რადიოგადამცემი, რომელიც მუშაობდა ორ — 19.993 და 39.986 მეგაჰერცის სიხშირეებზე. გადამცემის სიგნალები წარმოადგენენ ცვლადი ხანგრძლივობის იმპულსებს 0.2-დან 0.8 წამამდე. იმპულსების განმეორების სიხშირეა 1±0.15 ჰერცი;
- რადიოგადამცემი, რომელიც მუშობს 183.6 მეგაჰერცის სიხშირეზე.
მთვარისკენ გაშვებულ რაკეტაში განთავსებული იყო სამი ვიმპელი (ალამი) სსრკ-ის გერბით და წარწერით — „1959 წლის სექტემბერი“: ერთი რაკეტა-მატარებლის უკანასკნელ საფეხურში და ორი — ასს-ის სამეცნიერო აპარატურაში. მთვარეზე დაცემის შესამსუბუქებლად ვიმპელების დაცულობის უზრუნველსაყოფად მიღებული იყო კონსტრუქციული ღონისძიებანი.
ასს-ის ვიზუალური დამზერისათვის მასზე იყო სპეციალური აპარატურა ნატრიუმის ღრუბლის — ხელოვნური კომეტის შესაქმნელად, რომელიც უნდა წარმოქმნილიყო 12 სექტემბერს 21:39:42 საათზე მოსკოვის დროით. იგი უნდა გამოჩენილიყო მერწყულის თანავარსკვლავედში (კოორდინატები: პირდაპირი აღვლენა 20 საათი და 41 წუთი, დახრილობა — მინუს 7.2°). ხელოვნური კომეტის დამზერა და ფოტოგრაფირება შესაძლებელი იყო სსრკ-ის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილიდან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1959 წლის 12 სექტემბერს 06:39:42 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „ვოსტოკ-ლ“-ით («Восток-Л») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-2. 12 სექტემბერს 15:00 საათზე მოსკოვის დროით ასს დედამიწას დაშორდა 78.5 ათასი კმ-ით და იმყოფებოდა ახალი გვინეის თავზე. ორბიტაზე გასვლის შემდეგ კონტეინერი სამეცნიერო-საზომი აპარატურით გამოეყო რაკეტა-მატარებლის უკანასკნელ საფეხურს. 12 სექტემბერს 21:39:42 საათზე მოსკოვის დროით, როგორც იყო დაგეგმილი სადგურს შეემჩნეოდა ხელოვნური კუდი.
13 სექტემბერს 21:02:24 UTC დროით (14 სექტემბერს 00:02:24 საათზე მოსკოვის დროით) სადგურმა პირველად მიაღწია მთვარის ზედაპირს და დაეცა წვიმების ზღვის რაიონში, კრატერების: არისტილის, არქიმედისა და ავტოლიკის მახლობლად (კოორდინატები: 29°06′N 0°00′E / 29.1° ჩ. გ. -0° ა. გ.).
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
1959 წლის სექტემბრის სსრკ ვიმპელის დუბლიკატი
-
1959 წლის სექტემბერში მთვარეზე გაშვებულ რაკეტაში მდებარე სამიდან ერთ-ერთი ვიმპელი (ალამი)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
- გაზ. „კომუნისტი“, №214 (11520), 13 სექტემბერი, 1959
- გაზ. „კომუნისტი“, №215 (11521), 15 სექტემბერი, 1959
- გაზ. „კომუნისტი“, №217 (11523), 17 სექტემბერი, 1959
- Крылов Ю. Межпланетная трасса проложена… // Огонёк : еженедельный журнал. — 1959. — 20 сентября (№ 39 (1684)). — С. 5—6.
- Рязанов Е. Ф. Отчет об устройстве последней ступени второй советской космической ракеты с АМС «Луна-2» // Космос. Время московское : сборник документов / авт.-сост.: Т. А. Головкина, А. А. Чернобаев. — 2011. — С. 246—248. — ISBN 978-5-7281-1154-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზარია- ლუნა 2; ქრონოლოგია დაარქივებული 2019-02-18 საიტზე Wayback Machine.
- საბჭოთა კოსმოსური ხომალდები
|