ნერონი
ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (ლათ. Tib. Claudius Drusus Nero Germanicus Caesar) (დ. 15 დეკემბერი, 37, ანციუმი — გ. 9 ივნისი ან 11 ივნისი, 68, რომის მახლობლად) — რომაელი იმპერატორი (54 წლის 13 ოქტომბერი – 9 ივნისი 68); სახელი კლავდიუსის მიერ მის შვილად აყვანამდე – ლუციუს დომიციუს აჰენობარბუსი (ლათ. Lucius Domitius Ahenobarbus).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავის პრინციპატის დასაწყისში ნერონი ჯერ არ ამჟღავნებდა იმ უარყოფით თვისებებს რითაც მოგვიანებით შევიდა ისტორიაში. იგი 17 წლის იყო როდესაც გახდა იმპერატორი, მან იმპერიის მმართველობა სენატს მიანდო. იგი იმყოფებოდა თავისი აღმზრდელის ლუციუს ანეუს სენეკას, პრეტორიანელთა პრეფექტის, სექსტუს აფრანიუს ბურუსის და საკუთარი დედის გავლენის ქვეშ, ასე რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში იგი არანაირ მონაწილეობას არ იღებდა. უმეტესად იგი დაკავებული იყო სიმღერით და ლექსების წერით. მოგვიანებით იგი იმდენად მოექცა სენეკას გავლენის ქვეშ, რომ დედამისმა კლავდიუსის ვაჟის, ბრიტანიკუსის დაპირისპირება სცადა მისთვის, მაგრამ 55 წელს მოაკვლევინეს ბრიტანიკუსი, ხოლო 59 წელს ნერონმა საკუთარი დედა მოაკვლევინა სადისტურად. მან ააგო გემი, შიგ ჩასვა დედამისი, რომელსაც ერქვა აგრაფინა. როდესაც გემი წყალში შევიდა, დაიშალა. აგრაფინამ თავს უშველა და ნაპირზე გამოცურა, მაგრამ იქ მას მისი შვილი დახვდა და ბოლო მოუღო. მისი შემდეგი მსხვერპლი გახდა მისი მეუღლე ოქტავია, რომელიც რომაელებს ძალიან უყვარდათ, მისი მკვლელობის შემდეგ ნერონის პოპულარობა ხალხში ძალიან დაეცა. 62 წელს მოკვდა ბურუსი, სენეკამ კი დაკარგა ნერონზე გავლენა და მას თავი მოაკვლევინეს.
64 წლის ზაფხულში რომში საშინელი ხანძარი მოხდა, ქალაქის 14 უბნიდან 3 სრულიად განადურდა, ხოლო 7-ში შენობების უმეტესობა დაიწვა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში ჭორები დადიოდა, რომ იმპერატორმა თვითონ მოაწყო ხანძარი, რათა ქალაქის დაწვის პროცესის ხილვით მიეღო პოემა „ტროას“ დაწერისთვის შთაგონება. ამ ჭორების უარსაყოფათ ნერონმა „მოძებნა“ დამნაშავენი, ესენი ქრისტიანები აღმოჩნდნენ და მათ წინააღმდეგ სასტიკი, რეპრესიები დაიწყო. ხალხს, ვისაც ქრისტიანობაში ამხელდნენ, იჭერდნენ და ცირკის არენაზე ველურ ცხოველებს აგლეჯინებდნენ ან ჯვრებზე აცვამდნენ. დაზუსტებით უცნობია თუ ვინ იყო ხანძრის მომწყობი. იმდროინდელი ისტორიკოსი გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი არაორაზროვნათ მიუთითებს რომ დამნაშავე ნერონი იყო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ნერონი არ სარგებლობდა პოპულარობით და სვეტონიუსი შეიძლება მიკერძოვებული ყოფილიყო.
ნერონის დროს ხაზინა ისევე მალე დაცარიელდა, როგორც ეს კალიგულას დროს მოხდა და მან იგივე ხერხებს მიმართა მის შესავსებად. ამას რა თქმა უნდა სენატორებში დიდი უკმაყოფილება მოყვა. 65 წელს სენატორებმა სცადეს შეთქმულების მოწყობა, მაგრამ ამის შესახებ იმპერატორმა შეიტყო და შეთქმულები სასტიკად დასაჯა.
ამ მოვლენების შემდეგ ნერონი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც იგი საჯაროდ გამოდიოდა სცენაზე როგორც მსახიობი და მომღერალი. ბერძნები კი პირფერობდნენ როგორც შეეძლოთ და ყოველგვარ შეჯიბრებში აჯილდოვებდნენ მას. ამისთვის ნერონმა ბერძნული ქალაქები მთელი რიგი გადასახადებისგან გაათავისუფლა. ამასთან ერთად ნერონმა რომში დაიწყო მდიდრული სასახლის მშენებლობა, რომელსაც „ოქროს სახლი“ უწოდა. ამან ყველაფერმა რომაელებში აღშფოთება გამოიწვია, ხოლო სენატმა იმპერატორთან ურთიერთობა გაწყვიტა. 66 წელს ნერონმა მეორე ცოლიც მოაკვლევინა და მესამედ დაქორწინდა. უკმაყოფილებას იწვევდა პართიასთან გაჭიანურებული ომიც, რომელშიც რომაელებმა საგრძნობელ წარმატებებს ვერ მიაღწიეს. 63 წელს ნერონმა მაინც მოახერხა პართიელებთან კომპრომისული სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. 66 წელს იუდეაში დაიწყო აჯანყება. მათ წინააღმდეგ ნერონმა გაგზავნა ლეგიონი ცესტიუს გალუსის მხედართმთავრობით, მაგრამ იუდეველებმა იგი სასტიკად დაამარცხეს. ნერონს ეშინოდა იუდეველთა წინააღმდეგ გავლენიანი მხედართმთავრის გაგზავნა, რადგან ლეგიონებზე დაყრდნობით მხედართმავარს შეეძლო გადატრიალების მოწყობა, ამიტომ მისი არჩევანი ვერპასიან ფლავიუსზე გაჩერდა, რომელიც არც წარჩინებული წარმომავლობის იყო და არც გავლენა ჰქონდა.
68 წელს ნერონი დაბრუნდა რომში, მაგრამ სიტუაცია კონტროლიდან საბოლოოდ გამოვიდა. აჯანყდნენ ლეგიონები გალიაში, მალე მათ ესპანური ლეგიონებიც შეუერთდნენ. რომის იმპერიას ჩამოშორდა ბრიტანეთი, იუდეაში სიტუაციას რომაელები უკვე აღარ ფლობდნენ. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც ძალიან ცუდი იყო. ესპანეთში აჯანყებულმა ლეგიონებმა იმპერატორად გალბა აღიარეს. ნერონს ამ სიტუაციის უკვე ძალიან შეეშინდა და ეგვიპტეში გაქცევა დააპირა, როდესაც პრეტორიანელებმა შეიტყვეს ამის შესახებ, ისინიც აუჯანყდნენ იმპერატორს. ყველასგან მიტოვებულმა, ნერომნა თავი მოიკლა. სიკვდილის წინ მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ეჰ, როგორი დიდი მსახიობი ტოვებს ამ ქვეყანასო“. ასე დასრულდა იულიუს-კლავდიუსების მმართველობა რომში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tacitus, Histories, I–IV (c. 105)
- Tacitus, Annals, XIII–XVI (c. 117)
- Josephus, War of the Jews, Books II–VI (c. 94)
- Josephus, Antiquities of the Jews, Book XX (c. 94)
- Cassius Dio, Roman History, Books 61–63 (c. 229)
- Plutarch, The Parallel Lives, The Life of Galba (c. 110)
- Suetonius, The Lives of Twelve Caesars, the Life of Nero
- International Society for Neronian Studies
იულიუს-კლავდიუსების დინასტია | |
იულიუს კეისარი | ოქტავიანე ავგუსტუსი | ტიბერიუსი | კალიგულა | კლავდიუსი | ნერონი |
წინამორბედი: კლავდიუსი |
რომის იმპერატორი 54–68 |
შემდეგი: გალბა |