შინაარსზე გადასვლა

ცარცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცარცი
სასკოლე ცარცი

ცარცი (СаСО3) — კირქვის ნაირსახეობა, ორგანული (ზოოგენური) წარმოშობის დანალექი ქანი, რომელიც შედგება ფარულკრისტალური კალციტისგან. აქვს თეთრი ფერი, რბილი და მტვრევადი, წყალში უხსნადი[1].

ცარცის ქიმიური შემადგენლობის საფუძველს წარმოადგენს კალციუმის კარბონატი მაგნიუმის კარბონატის მცირე რაოდენობით, მაგრამ როგორც წესი არსებობს არაკარბონატული ნაწილიც, ძირითადად ლითონების ოქსიდები. ცარცში ძირითადად იმყოფება კვარცის უმცირესი ყველაზე პატარა მარცვლების მინარევები და კალციტის მიკროსკოპული ფსევდომორფოზები ზღვის ორგანიზმების ნამარხების მიმართ (სხივარები და სხვ.). ზოგჯერ გვხვდება დიდი ცარცული სისტემის ნამარხი ნაშთები: ბელემნიტები, ამონიტები და სხვ.

ცარცის გამოყენება და მისი ანალოგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცარცი არის ცარცის ქაღალდის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც გამოიყენება პოლიგრაფიაში ხარისხიანი ილუსტრირებული გამოცემების დასაბეჭდად. დაფქული ცარცი ფართოდ გამოიყენება იაფ შესათეთრებელ მასალად (პიგმენტი) ღობეების, კედლების და ბორდიურების შესაღებად, ხის ტოტების მზის დამწვრობისგან დასაცავად.

ცარცს არ იყენებენ ლაქ-საღებავთა წარმოებაში (თეთრი პიგმენტი, როგორც წესი მაგნიუმის, თუთიის, ტიტანის შენაერთია) მისი ნაწილაკების დამახასიათებელი სტრუქტურის მიზეზის გამო, მაგრამ იყენებენ რეზინის, ქაღალდის და ასევე შაქრის საწარმოებში — ჭარხლის წვენის გასაწმენდად, შემკვრელი ნივთიერებების (კირი, პორტლანდცემენტი), მინის და ასანთის წარმოებაში. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი გამოიყენება ე. წ. დანალექი ცარცი, რომელიც მიიღება ქიმიური გზით კალციუმშემცველი მინერალებისგან.

პოლიმერული ნაერთების (პოლიპროპილენი და პოლიეთილენი) დისპერსული შემავსებლის სახით ცარცმა ფართო გამოყენება ჰპოვა.

ცარცი გამოიყენება დიდ დაფებზე საწერად (მაგალითად, სკოლებში), დაყალიბებული სკოლის ცარცი 40 %-ით შედგება ცარცისაგან (კალციუმის კარბონატი) და 60 %-ით თაბაშირისგან (კალციუმის სულფატი). მეცხოველეობაში ცარცი გამოიყენება როგორც საჭმლის დანამატი, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის აუცილებელ რაოდენობას ფრინველების და საქონლის რაციონში. ცარცი აბრაზივის სახით შედის ბევრი კბილის პასტის შემადგენლობაში. ფარმაცევტიკაში ცარცი გამოიყენება როგორც დამხმარე ნივთიერება (შემავსებელი) პრეპარატებში. კალციუმის უკმარისობის დროს სამედიცინო ცარცი შესაძლებელია ექიმმა გამოწეროს როგორც საკვები დანამატი.

  1. Calcium carbonate. ციტირების თარიღი: 2020-11-03.