შინაარსზე გადასვლა

ჰარლემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ჰარლემი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ჰარლემი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ჰარლემის მდებარეობა ნიუ-იორკში.

ჰარლემი (ინგლ. Harlem) — რაიონი მანჰეტენზე, ნიუ-იორკ სიტი, ცნობილი როგორც აფრიკელ-ამერიკელთა ძირითადი კულტურულ-სამეწარმეო ცენტრი; თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში ასოცირდებოდა შავკანიანთა კულტურასთან, ისევე როგორც კრიმინალსა და სიღარიბესთან, თუმცა XXI საუკუნის დასაწყისში ერთგვარ სოციალურ-ეკონომიკურ აღორძინებას განიცდის.

მდებარეობა და საზღვრები

ჰარლემის საზღვრები.

ჰარლემის საზღვრები საკმაოდ ელასტიურია და წლების განმავლობაში იცვლებოდა; როგორც რალფ ელისონს უთქვამს: „სადაც კი შავები ცხოვრობენ აპტაუნში, სულ ჰარლემია“. ჰარლემი იშლება მდ. ისტიდან ჰუდსონამდე 155-ე ქუჩიდან, სადაც ის ხვდება ვაშინგტონის მაღლობებს (Washington Heights) — უსწორმასწორო ზღვარზე სამხრეთით. ცენტრალური ჰარლემი 110-ე ქუჩაზე იწყება, ცენტრალური პარკის ჩრდილოეთ ბოლოში; ესპანური ჰარლემი აგრძელებს ისტ ჰარლემის საზღვრებს სამხრეთისკენ 96-ე ქუჩამდე, დასავლეთში კი ის მორნინგსაიდის მაღლობების ჩრდილოეთით იწყება, რაც ტეხილ, დაკლაკნილ საზღვარს ქმნის მორნინგსაიდ ავენიუს დასავლეთით 125-ე ქუჩაზე.

რაიონში რამდენიმე მცირე უბანია, მათ შორის:

  • ისტ-ჰარლემი (აღმოსავლეთ ჰარლემი)
    • ესპანური ჰარლემი (116-ე ქუჩამდე)
    • ისტ-ჰარლემი („proper“, 116-ის ზევით)
  • ცენტრალ-ჰარლემი
    • შუგარ-ჰილი
    • მაუნტ-მორისი, ვრცელდება დასავლეთით მარკუს გარვის პარკიდან
    • სტრაივერს-როუ, 139-ე ქუჩის გარდიგარდ
    • ასტორ-როუ, 130-ე ქუჩის გარდიგარდ
  • ვესტ-ჰარლემი (დასავლეთ ჰარლემი, სენტ-ნიკოლას ავენიუს დასავლეთით)
    • ჰამილტონ-ჰაიტსი (ჰამილტონ-გრანჟის ირგვლივ)
    • მანჰატენვილი (მორნინგსაიდ-ჰაიტსის ჩრდილოეთით)

ისტორია

1765 წელს ჰარლემი მცირე სოფელი იყო ნიუ-იორკის სიახლოვეს.

შავკანიანების მიგრაციამდე

პირველი ევროპული დასახლება ჰარლემის ადგილას შეიქმნა ჰოლანდიელ პირველმოსახლეთა მიერ, რაც 1658 წელს ფორმალურად დადგინდა როგორც ახალი ჰარლემი (Nieuw Haarlem), ჰოლანდიური ქალაქი ჰაარლემის სახელზე.[1] ინდიელთა ბილიკი ჰარლემის გაუვალ ბარდებში ჰოლანდიური ვესტ-ინდოეთის კომპანიის შავმა მონემა ხელახლა გააშენეს, რაც საბოლოოდ ბოსტონის საფოსტო გზად გადაიქცა. 1664 წელს ახალი ნიდერლანდის კოლონია ინგლისელებმა ჩაიგდეს ხელთ და ქალაქის სახელი ჰარლემად გააინგლისურეს.

ჰარლემი ელეგანტური ცხოვრების სინონიმი იყო XIX საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში.[2] ამ საუკუნის ადრეულ წლებში ჰარლემი ძირითადად ფერმერების სახლებსა და სახნავ-სათესებს ეჭირა, მათ შორის იყო ჯეიმზ რუზველტის მამულიც, მეხუთე ავენიუს აღმოსავლეთით 110-125-ე ქუჩებს შორის. 1820 წლამდე მთელ რაიონში მხოლოდ 91 ოჯახი, ერთი ეკლესია, ერთი სკოლა და ერთი ბიბლიოთეკა არსებობდა. მდიდარი ფერმერები (ე.წ. „პატრუნები“) საცხოვრებელ სახლებს იშენებდნენ ჰუდსონისპირა მაღლობებზე. ჰარლემს ნიუ-იორკთან მდ. ისტის ორთქმავალი აერთებდა, რასაც დაახ. საათნახევარი სჭირდებოდა და ისიც ხშირად ფერხდებოდა ზამთრობით მდინარის გაყინვის გამო. მეორე საშუალება იყო ბოსტონის საფოსტო გზა (Boston Post Road), რომელიც მაკგაუნის უღელტეხილიდან ჩამოდიოდა (ამჟ. ცენტრალურ პარკში) და ჭაობიან ეკალ-ბარდებში (დაახ. 110-ე ქუჩა) გადადიოდა ჰარლემისკენ. 1811 წლის ნიუ-იორკის საქალაქო დაგეგმვის კომისიამ გადაწყვიტა, რომ ჰარლემი იმდენად მიუვალი იყო, რომ ის მომდევნო 100 წელიწადშიც ვერ განვითარდებოდა. ნიუ-იორკი - ჰარლემის რკინიგზა (ამჟ. მეტრო-ნორზი) 1831 წელს გაიხსნა, გარეუბანთან უფრო მოსახერხებელი კავშირისთვის, რომელიც ისტ-23-ე ქუჩის დეპოში იწყებოდა. 1851 წლისთვის ის 127 მილზე იჭიმებოდა ჩათემში (ნიუ-იორკის შტატი) კოლუმბიის ქაუნთიში მდებარე სარკინიგზო გზაჯვარედინამდე.

1850-70 წლებში სოფელი ჰარლემი დაკნინდა. მრავალი დიდი სამფლობელო, მათ შორის ალექსანდრე ჰამილტონის მამულიც, აუქციონზე გაიყიდა, ვინაიდან არემარის მიწა გამოიფიტა და მოსავალმაც იკლო. მიტოვებულ მიწას ირლანდიელი მაწანწალები დაეპატრონენ, რამაც კიდევ უფრო დააგდო უძრავი ქონების ფასები.

125-ე ქუჩის სადგური მეშვიდე ავენიუზე

ჰარლემის გამოცოცხლება 1880 წელს ბოძებზე შემდგარი რკინიგზის შემოსვლამ გამოიწვია. რკინიგზის გაყვანასთან ერთად ურბანულმა განვითარებამაც არ დააყოვნა — ახალი ტაუნჰაუზები, ბინები და მცირე სასტუმროები თითქოს ერთ ღამეში ჩნდებოდა. ლექსინგტონის ავენიუს მეტროს გაყვანის მოლოდინში, რომელიც ქვემო მანჰეტენზე გადაადგილებას გააადვილებდა, და ასევე იმის შიშით, რომ 1901 წელს მშენებლობაზე შეზღუდვები დაწესდებოდა, დეველოპერები ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ახალი შენობა დაესრულებინათ სანამ ეს კანონი ძალაში შემოვიდოდა.[3] ჰარლემი ამ პერიოდისთვის ძირითადად თეთრი და ქრისტიანი იყო. ადრეულ მეწარმეებს ჰარლემისთვის გრანდიოზული გეგმები ჰქნოდად: პოლო ფაქტობრივად აქ მდებარე თავდაპირველ პოლო გრაუნდზე ტარდებოდა (მოგვიანებით ის ნიუ-იორკ ჯაინტსის ბეისბოლის გუნდის ბინა გახდა), ოსკარ ჰამერსტაინმა კი 1889 წელს ისტ-125-ე ქუჩაზე ჰარლემის ოპერის სახლი გახსნა. ჟურნალი ჰარლემ-მანზლი წერდა: „ყველაზე ზედაპირული დამკვირვებილსთვისაც კი ნათელია, რომ მოდის, სიმდიდრის, კულტურის, განათლების ცენტრი ახლო მომავალში უდავოდ უძველესი და პატივმოსილი სოფელი ჰარლემი უნდა გახდეს“.

თუმცა, ზედმეტი მშენებლობისა და მეტროს გაყვანის დაგვიანების გამო უძრავი ქონების ფასები მკვეთრად დაეცა, რამაც თავის მხრივ ჰარლემში აღმოსავლეთ ევროპელი ებრაელები მოიზიდა უდიდესი რაოდენობით. ამ მიგრაციამ პიკს 1917 წელს მიაღწია და მათმა რიცხვმა 150 000-ს გადააჭარბა. სხვა ებრაული უბნების მსგავსად, ებრაული ჰარლემის არსებობა საკმაოდ ეფემერული გამოდგა; 1930 წლისთვის რაიონში მხოლოდ 5000-მდე ებრაელი დარჩა. მათი ადგილი მდ. ისტის უბანში, სადაც ამჟამად ესპანური ჰარლემია, იტალიელმა ემიგრანტებმა დაიჭირეს. იტალიური ჰარლემიც ისტორიას ჩაბარდა, თუმცა მან უფრო მეტ ხანს გაძლო ვიდრე ებრაულმა (იტალიური უბნის შემორჩენილი მოსახლეობა 1970-იანებშიც კი მოიძებნებოდა პლეზანტ ავენიუსთან).

შავკანიანების ჩამოსვლა

შავკანიანთა მცირე ჯგუფები ჰარლემში 1880 წლიდან ცხოვრობდნენ, განსაკუთრებით 125-ე ქუჩის რაიონში და „შავების საერთო საცხოვრებლებში“ ვესტ-130-ე ქუჩაზე. შავკანიანების მასობრივი მიგრაცია რიონში 1904 წელს დაიწყო, კიდევ ერთი უძრავი ქონების კრახის, სხვა უბნებში შავკანიანების ცხოვრების პირობების გაუარესებითა და შავკანიანი უძრავი ქონების მეწარმე ფილიპ პეიტონ უმცროსის წყალობით.

1904-05 წლებში ჰარლემში უძრავი ქონების კრახი განმეორდა, ვინაიდან 1890-იანი წლების ჩავარდნის შემდეგ ახალი გაზვიადებული სპეკულაციები და მშენებლობები ისევ დაიწყო 1903 წელს. საცხოვრებელი ფართი იმდენი იყო, რომ მეპატრონეებს მათი გაქირავება უჭირდათ, რამაც მათი ფასი ისევ დააგდო. მეწარმე ფილიპ პეიტონმა შავკანიანი დამქირავებლების მოყვანა ითავა.[4] მისმა კომპანიამ (Afro-American Realty Company) თითქმის ერთპიროვნულად განახორციელა შავკანიანების მიგრაცია მათი ყოფილი უბნებიდან (ტენდერლოინი, სან-ხუან ჰილი და ჰელზ-კიჩენი ვესტ-40-50-ე ქუჩებზე).[5] ჩრდილოეთ მანჰეტენზე გადასვლა ნაწილობრივ განაპირობა მიდთაუნში შავკანიანთა წინააღმდეგ მოწყობილმა არეულობებმაც. ამასთან საერთო საცხოვრებელები ვესტ-30-ე ქუჩის უბანში, სადაც შავკანიანები ცხოვრობდნენ, ინგრეოდა ახალი პენ-სტეიშენის მშენებლობისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად.

1907 წელს შავკანიანების ეკლესიებმა აპთაუნში იწყეს გადმონაცვლება. სენტ-ფილიპსის ეკლესიამ ვესტ-135-ე ქუჩაზე შენობათა მთელი ბლოკი შეისყიდა საკუთარი მრევლის წევრებზე გასაქირავებლად. პარალელურად, პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში, შავკანიანი მუშები სამხრეთ შტატებიდან ჩრდილოეთში ინაცვლებდნენ ომში გაწვეული თეთრკანიანებისგან გამოთავისუფლებული სამუშაო ადგილების დასაკავებლად. ფაქტობრივად, იმდენმა მუშამ დატოვა სამხრეთი, რომ ჯორჯიის, ფლორიდის, ტენესისა და ალაბამას ზოგიერთ წამყვან ინდუსტრიას დახურვის საშიშროება შეექმნა.[6] ბევრი მათგანი ჰარლემში ჩამოვიდა. 1920 წლისთვის ცენტრალური ჰარლემი უმეტესწილად შავკანიანი იყო, ხოლო 1930 წელს შავკანიანები უკვე ცენტრალურ პარკამდე ტერიტორიას იკავებენ 110-ე ქუჩამდე. შავკანიანების შემოსვლის პარალელურად თეთრკანიანი რეზიდენტები მიდიოდნენ. 1920-30 წლების განამავლობაში ეს უბანი 118 792 თეთრკანიანმა დატოვა და 87 417 შავკანიანი შემოვიდა.

1907-15 წლებში ჰარლემის თეთრკანიანი მოსახლეობა უბანში ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა, განსაკუთრებით როდესაც მზარდი შავკანიანი მოსახლეობა ლენოქსის ავენიუს დასავლეთით გაზრდისკენ იყურებოდა, რაც ადრეულ 1920-იან წლებში არაფორმალურ ფერადების საზღვრად ითვლებოდა. უძრავი ქონების მფლობელები ერთმანეთთან გარიგებებს აწყობდნენ შავკანიანებისთვის დაქირავების ან მისყიდვის შეზღუდვისთვის.[7] სხვები ცდილობდნენ გამოესყიდათ ქონება და შავი დამქირავებლები გაეყარათ, თუმცა პეიტონის კომპანიამ საპასუხოდ სხვა უძრავი ქონება შეისყიდა და იქიდან თეთრები გაასახლა. ზოგიერთი იქამდეც კი წავიდა, რომ ბანკები დაარწმუნა შავკანიანი მყიდველებისთვის სესხი არ გაეცათ, თუმცა მათ ფარხმალი მალევე დაყარეს. 1920 წლისთვის ცენტრალური ჰარლემი თითქმის სრულიად შავკანიანთა უბანი გახდა.

გეტოფიკაცია

ეს შენობები ვესტ-135-ე ქუჩის გასწვრივ ერთ-ერთი პირველი იყო ჰარლემში, სადაც მხოლოდ შავკანიანები ცხოვრობდნენ.

1911-1990 წლების განმავლობაში ჰარლემში საცხოვრებელ სახლებსა თუ საწარმოებში ინვესტიცია თითქმის არ განხორციელებულა. თუმცა ქალაქის სხვა რაიონებში საკუთრების მეპატრონეთა მიერ შავკანიანებისთვის ბინის მიქირავების სურვილის არქონის გამო, რასაც თან ერთვის ნიუ-იორკში შავკანიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდა, ჰარლემში ბინის ქირა მრავალი წლის განმავლობაში ქალაქის სხვა უბნებისას აღემატებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აქ არსებული ბინები სავალალო მდგომარეობაში იყო. 1920 წელს ერთოთახიანი ბინა ცენტრალურ ჰარლემში ქირავდებოდა $40-ად თეთრკანიანისთვის ან $100–$125-ად შავკანიანისთვის. გვიანდელ 1920-იანებში საშუალო თეთრკანიანი მუშა კლასის ოჯახი ნიუ-იორკში თვეში ოთახში იხდიდა $6,67, მაშინ როდესაც შავკანიანებისთვის ეს თანხა $9,50-ს შეადგენდა იგივე ფართისთვის.[8] ამგვარი მდგომარეობა გრძელდებოდა 1960-იან წლებამდე. 1965 წელს სტატისტიკური სამსახური CERGE-ის მონაცემებით ერთოთახიანი ბინა ჰარლმეში ქირავდებოდა $50–$74-ად, ხოლო თეთრკანიან ღარიბ უბნებში კი $30–$49-ად. ფართის სიძვირე აიძულებდა ხალხს ერთად ეცხოვრათ და მოსახლეობის სიმჭიდროვე ჰარლემში ამ წლებში განსაცვიფრებელია — 215 000-ზე მეტი ერთ კვადრატულ მილზე 1920-იან წლებში. შედარებისთვის, მთელ მანჰეტენზე მოსახლეობის სიმჭიდროვე 70 000-ზე ნაკლები იყო კვ. მილზე 2000 წელს.[9]

ოთხსართულიანი აგურის შენობა ჰარლემში 125-ე ქუჩაზე, 2004 წელს.

ვინაიდან ჰარლემში საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყოს ვიდრე სხვაგან მანჰეტენზე, ბინები აქ წლობით მიუხედავი და გაურემონტებელი იყო. 1960 წლის ცენზის მიხედვით ჰარლემის საცხოვრებელი ბინების მხოლოდ 51 % იყო ვარგისი, ნიუ-იორკის დანარჩენი უბნების 85%-თან შედარებით. 1968 წელს ქალაქ ნიუ-იორკის შენობათა მომსახურების დაპარტამენტი საშუალოდ დღეში 500 საჩივარს იღებდა ჰარლემის შენობებში ვირთხების არსებობაზე, ჩამოვარდნილ ბათქაშზე, გათბობის არარსებობაზე და არასანიტარულ პირობებზე. არაადეკვატურმა საცხოვრებელმა პირობებმა ნაწილობრივ განაპირობა რასობრივი არეულობები და ჯანმრთელობის პრობლემები. მიუხედავად ამისა, რაიონში განვითარების არარსებობამ მისი ისტორიული შენობები დაიცვა 1870-1910 წლების მშენებლობის ბუმისგან, რის შედეგადაც ჰარლემში შემორჩა ნიუ-იორკის მრავალი შესანიშნავი ორიგინალური ტაუნჰაუზი. მათ შორის არის იმ დროის მრავალი გამორჩეული არქიტექტორის ნამუშევრები—მაკკიმი, მიდი და უაიტი; ჯეიმზ რენუიკი, უილიამ ტატჰილი, ჩარლზ ბუიკი და ფრენსის კიმბელი.

მრავალი შენობის მწყობრიდან გამოსვლის გამო გამქირავებლებმა დარჩენილი შენობების ფართი ერთოთახიან ბინებად (ე.წ. SRO-ები) გადააკეთეს, რაც უფრო კერძო უსახლკაროთა თავშესაფარს ჰგავდა. ნებისმიერ შემთხვევაში შემოსავალი ამ შენობებიდან ვერ ფარავდა მათ მფლობელთათვის მინიჭებულ ჯარიმებსა და ქალაქის გადასახადებს ან ზოგიერთ შემთხვევაში მათი აღდგენა ზედმეტად ძვირი იყო და მრავალი მათგანი საერთიდ მიტოვებულ იქნა. 1970-იანებში ამ პროცესმა კულმინაციას მიაღწია და ჰარლემს პირველად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვე ჰქონდა ვიდრე დანარჩენ მანჰეტენს. 1980-იანი წლებისთვის ჰარლემის შენობათა 60 % ქალაქის მმართველოსბი საკუთრება იყო; მრავალი მიტოვებული შენობა ნარკოდილერებისა და ანტისოციალური ქმედებების მოხერხებული თავშესაფარი გახდა.[10]

უახლესი ისტორია

თეატრი აპოლო 125-ე ქუჩაზე; უკანა ფონზე მოჩანს სასტუმრო ტერეზა.

წლობით უშედეგო წამოწყებების შემდეგ 1990-იანი წლების ბოლოს ჰარლემის აღმშენებლობას საშველი დაადგა. ეს განპირობებული იყო ფედერალური და საქალაქო კანონმდებლობის ცვლილებით, მწვავე ანტი-კრიმინალური კამპანიით და 125-ე ქუჩაზე საცალო ვაჭრობის ქსელის განვითარების მასშტაბური პროგრამით. 1994 წელს ზემო მანჰეტენის განვითარების ზონამ (Upper Manhattan Empowerment Zone) ჩარიცხა ფონდები განვითარების ახალ პროექტში - Harlem USA სავაჭრო კომპლექში.[10] ბოლოსდაბოლოს დადგა დრო და შეძლებულ ნიუ-იორკელებს მანჰეტენისა და ბრუკლინის გაშენება-გალამაზების შემდეგ სხვაგან წასასვლელი აღარ დარჩათ. 1990-2000 წლებში ჰარლემში ახალი საცხოვრებელი ფართის რაოდენობა 14%-ით მატულობს, ბოლო წლებში კი ეს ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა.[10] უძრავი ქონების ფასი ცენტრალურ ჰარლემში 1990-იან წლებში 300%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც დანარჩენ ქალაქში მხოლოდ 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ძველი შენობებისგან დარჩენილი ცარიელი კარკასებიც კი 2005 წლისთვის უკვე $1 000 000-ად იყიდებოდა. 2001 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა საოფისე ფართი იქირავა 55 ვესტ 125-ე ქუჩაზე მეორე საპრეზიდენტო პერიოდის დასრულების შემდეგ.

კულტურა და პოლიტიკა

125-ე ქუჩა პარკისა და მედისონ ავენიუებს შორის

1920-იანებში ჰარლემი აფრიკულ-ამერიკული კულტურის აღმავლობის ცენტრი იყო, რომელსაც მოგვიანებით ჰარლემის რენესანსი უწოდეს. ეს იყო განსაცვიფრებელი არტისტული შემოქმედების პერიოდი, თუმცა ირონიულად მრავალ შავკანიანს არ ჰქონია საშუალება თანამოძმეთა ქმნილებებს გასცნობოდა. ზოგიერთი ჯაზის დაწესებულება, მათ შორის ყველაზე ცნობილი კოტონ-კლუბი, სადაც დუკ ელინგტონი უკრავდა, მხოლოდ თეთრებისთვის იყო. სხვები, მათ შორის რენესანს-ბოლრუმი და სავოი-ბოლრუმი ინტეგრირებული იყო.

ჰარლემის ისტორიის ეს პერიოდი საკმაოდ იდეალიზირებულია, ვინაიდან 1920-იან წლებში ეს რაიონი უღატაკესი გახდა და ჰარლემის რენესანსის ზოგიერთი ტრადიცია გარკვეულწილად სიღარიბის, კრიმინალისა და სხვა სოციალური მანკიერებების შედეგი იყო. მაგ. ამ პერიოდში ჰარლემი ცნობილი გახდა ე.წ. რენტ-წვეულებებით, სადაც არაფორმალურ შეკრებებზე კონცერტებს ატარებდნენ და იატაკქვეშა ალკოჰოლს სვამდნენ. მეზობლები დასწრებისთვის ფულს იხდიდნენ, რაც მასპინძელს საშუალებას აძლევდა ქირის ფული მოეგროვებინა. კოლორიტულობის მიუხედავად ეს წვეულებები მატერიალური საჭიროების გამო იმართებოდა. უფრო მეტიც, ჰარლემის შავკანიანი მოსახლეობის მეოთხედზე მეტი საკუთარ ქირას შემოხიზნულების მეშვეობით იხდიდა, თუმცა ამ უკანასკნელთ ხშირად თან ცუდი ჩვევები და კრიმინალიც კი მოჰქონდათ, რაც უბნის მოსახლეობას ცხოვრებას უფრთხობდა. 1940 წლისთვის ჰარლემის შავკანიანი ოჯახების 40 %-ს ოჯახში უცხო პირზე ადგილი ჰქონდა გაქირავებული.[11]

აღსანიშნავია, რომ მაღალი იჯარა და ცუდი მომსახურება, რომელსაც ჰარლემის მოსახლეობა იტანდა თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში მხოლოდ თეთრკანიან ქონების მეპატრონეთა რასიზმის შედეგი არ ყოფილა. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ხშირად შეძლებული შავკანიანები ჰარლემში მიწას ყიდულობდნენ უკვე 1920 წლისთვის და რამდენიმე ათეული წლით გვიან მთელი რაიონის მნიშვნელოვანი ნაწილი შავკანიანთა კერძო მფლობელობაში იყო.

ჰარლემის ხედი მორნინგსაიდის მაღლობებიდან

1928 წელს საბინაო რეფორმის პირველი მცდელობა განხორციელდა — ჯონ დ. როკფელერ უმც. მხარდაჭერით აშენდა პოლ ლორენს დანბარის სახლები, რომელიც ხელმოკლე ხალხისთვის დროთა განმავლობაში ბინის ამოსწყიდვის საშუალებას იძლეოდა. შენობების გახსნიდან მცირე ხანში დიდმა დეპრესიამ ცდა ჩააგდო. პროექტი განმეორდა 1936 წელს (Harlem River Houses), თუმცა შედარებით მცირე მასშტაბით. 1964 წელს ცხრა გიგანტური საბინაო პროექტი განხორციელდა მთელი რაიონის მასშტაბით, რომლითაც 41 000-ზე მეტი ადამიანი დაბინავდა.

თეატრი აპოლო 125-ე ქუჩაზე 1934 წლის 26 იანვარს გაიხსნა ყოფილ კაბარეს შენობაში. სავოის წვეულებათა დარბაზი, ლენოქსის ავენიუზე, განთქმული დაწესებულება იყოს სვინგის ცეკვებისთვის, რომელსაც პოპულარიზაცია გაუწია სიმღერამ „Stompin' At The Savoy“. 1920-30-იან წლებში ლენოქსისა და მეშვიდე ავენიუებს შორის ცენტრალურ ჰარლემში 125-ზე მეტი გასართობი დაწესებულება მოქმედებდა.[12]

ჰარლემის მუსიკოსები და მწერლები განსაკუთრებით ცნობილი იყვნენ მის ფარგლებს გარეთ, თუმცა ამ უბანში მრავალი თეატრალური და სამსახიობო კომპანია არსებობდა, მათ შორის Lafayette Players, Harlem Suitcase Theater, The Negro Playwrights, American Negro Theater, და Rose McClendon Players.[13]

1936 წელს ორსონ ველსმა მისი განთქმული შავი მაკბეტი ლაფაიეტის თეატრში დადგა ჰარლემში. რამდენიმე წელიწადში დიდმა დეპრესიამ მძიმე დაღი დაასვა ჰარლემის კულტურულ ცხოვრებას. მრავალი თეატრი და საკონცერტო კლუბი მოგვიანებით ეკლესიად გადაკეთდა და შემოქმედებითი ალიც დროთა განამვლობაში მინელდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰარლემი უკვე აღარ იყო ნიუ-იორკის შავკანიანთა უმრავლესობის უბანი, თუმცა ის კვლავაც რჩებოდა შავი ნიუ-იორკისა და შესაძლოა ამერიკის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად. უბნის ხასიათი წლების განმავლობაში შეიცვალა, ვინაიდან საშუალო შეძლების შავკანიანები ქალაქის გარეუბნებში გადავიდნენ (ძირითადად ქუინსსა და ბრუკლინში). მიუხედავად ამისა, უბანში შავკანიანი მოსახლეობის შემადგენლობა პიკს 1950 წელს აღწევს (98,2 %). შემდეგ მათ ენაცველბიან ლათინოამერიკელები, მოგვიანებით კი თეთრკანიანებიც.[14]

შავი ჰარლემი ყოველთვის იყო ზემიწევნით რელიგიური — ამ არემარეში 600-ზე მეტი ეკლესია ფუნქციონირებდა. მთავარი დენომინაციები იყო ბაპტისტები, მეთოდისტები, ეპისკოპალიელები და კათოლიკები. გაცილებით გვიან გაჩნდა შავკანიან ისლამურ ჯგუფთა მეჩეთებიც, ხოლო 2005 წელს გაიხსნა მორმონთა ეკლესია. რაიონში წარმოდგენილია იუდაიზმიც (მაგ. Old Broadway Synagogue, Temple Healing from Heaven, და Temple of Joy). არსებობს ასევე იუდაისტური სექტა დაფუძნებული ართურ ვენტუორზ მეთიუს მიერ (Commandment Keepers), რომელთაც სწამთ, რომ ისინი მეფე სოლომონისა და დედოფალი შებას პირდაპირი შთამომავლები არიან. ამ სექტის ერთადერთი ტაძარი ნიუ-იორკში 1962 წელს დაფუძნდა 123-ე ქუჩაზე და მასში მხოლოდ შავკანიანები არიან გაერთიანებული.

ჰარლემში შავკანიანთა ჩამოსვლის შემდეგ რაიონის უმუშევრობის დონე ნიუ-იორკის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იყო (როგორც წესი ორჯერ მეტი), რასაც ემატება მაღალი სიკვდილოანობა. ორივე შემთხვევაში ეს მაჩვენებლები მამაკაცებისთვის გაცილებით უარესია ვიდრე ქალებისთვის. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა იყო 124 ათას ბავშვზე 1928 წელს (თეთრკანიანებზე ორჯერ მაღალი). 1940 წელს ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა 5%, რაც კვლავაც გაცილებით აღემატებოდა თეთრკანიანთა მაჩვენებელს. ზრდასრული მოსახლეობის სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზი ტუბერკულოზი იყო, რაც ოთხჯერ აღემატებოდა ნიუ-იორკის თეთრკანიანი მოსახლეობის იგივე მაჩვენებელს. 1990 წლის კვლევის მიხედვით 15 წლის შავკანიან ქალს ჰარლემში 65 წლამდე მიღწევის 65 % შანსი ჰქონდა (ინდოეთის ქალთა მსგავსად). შავკანიან მამაკაცებს კი მხოლოდ 37 % შანსი ჰქონდათ (იგივე რაც ანგოლაში).[15]

კრიმინალი

ლოგიკურად, უბანი მარგინალიზაციისა და ეკონომიკური ხელმოკლეობის ხანგრძლივი ისტორიით, როგორიც ჰარლემი იყო, დიდი ხნის განმავლობაში კრიმინალთან ასოცირდებოდა.

1920-იან წლებში თეთრი მაფია (ებრაული და იტალიურიც) მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უბნის მხოლოდ თეთრებისთვის განკუთვნილ ღამის კლუბებში. განგსტერი დაჩ შულცი 1920-იან წლებში ჰარლემში მთელი ალკოჰოლის პროდუქციასა და დისტრიბუციას აკონტროლებდა.

უკვე დაფუძნებულ განგსტერებთან კონკურენციის ნაცვლად შავი განგსტერები საკუთარ ნიშას პოულობენ ე.წ. „პოლისი რეკეტში“, აგრეთვე ცნობილი როგორც რიცხვების თამაში ან „ბოლიტა“ ესპანურ ჰარლემში. ეს ლატარიის მსგავსი ფსონებით თამაში არალეგალურად ჰარლემის ურიცხვ კუთხეში მიმდინარეობდა. ერთი ისტორიკოსის თანახმად 1925 წლისთვის ჰარლემში უკვე 30 შავი პოლისი ბანკი იყო და მათ შორის რამდენიმე იმდენად მსხვილი იყო, რომ მათ შეეძლო ფსონების აკრეფა 20 საქალაქო ბლოკიდან სამ-ოთხ ავენიუზე.[16]

1950-იანი წლებისთვის გათამაშებული ფულის საერთო რაოდენობა მილიარდობით დოლარს აღწევდა და პოლიციის თანამშრომლები მთელს უბანში პირწმინდად მოქრთამული იყვნენ რიცხვების თამაშის ბოსების მიერ. ეს ბოსები ფინანსურ მაგნატებად იქცნენ; ისინი გასცემდნენ სესხებს მათზე ვისაც ამის საშუალება ტრადიციული საფინანსო დაწესებულებებიდან არ ჰქონდათ; ასევე ინვესტიციებს ახორციელებდნენ ლეგალურ ბიზნესში და უძრავ ქონებაში. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი გავლენიანი რიცხვების ბოსი იყო ქალი - მადამ სტეფანი სენ-კლერი.

რიცხვების თამაშის პოპულარობამ იკლო ნიუ-იორკის შტატის ლატარიის შემოღებით; ამ უკანასკნელს უფრო მაღალი მოგება ჰქონდა და რაც მთავარია ლეგალური იყო. არალეგალური პრაქტიკა დღემდე არსებობს, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბით და მხოლოდ მათ შორის ვინც საკუთარ ადგილობრივ რიცხვების ბანკს ენდობა საშტატოზე მეტად.

1940 წლის სტატისტიკის მიხედვით ჰარლემში წელიწადში 100-მდე მკვლელობა ხდებოდა, თუმცა „გაუპატიურება ძალიან იშვიათი“ იყო. 1950 წლისთვის თითქმის მთელი თეთრკანიანი მოსახლეობა ტოვებს ჰარლემს, ხოლო 1960 წლისთვის შავკანიანი საშუალო კლასიც წავიდა. ამავე პერიოდში ორგანიზებული კრიმინალის კონტროლი ებრაული და იტალიური სინდიკატებიდან ინაცვლებს შავკანიან, პუერტორიკოელ და კუბელთა დაჯგუფებებზე, თუმცა ეს უკანასკნელნი შედარებით ნაკლებად ორგანიზებული იყვნენ.

1964 წლის არეულობების პერიოდში ნარკომანთა რაოდენობა ჰარლემში ათჯერ აღემატებოდა მთელი ქალაქის საშუალო მაჩვენებელს და თორმეტჯერ — მთელი ამერიკისას. დაახ. 30 000 ნარკომანიდან, რომელიც იმჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, 15 000-20 000 ჰარლემზე მოდიოდა.

საკუთრების ქურდობა მთელს უბანში მწვავე პრობლემა იყო, ხოლო მკვლელობების რაოდენობა ნიუ-იორკის საშუალო მაჩვენებელს ექვსჯერ აღემატებოდა. ჰარლემის ბავშვების ნახევარი ერთი ან არც ერთი მშობლით იზრდებოდა, რაც ასევე ხელს უწყობდა მათ ადრეული ასაკიდან კრიმინალში ჩარევას. 1953-62 წლებში კრიმინალის დონე ახალგაზრდათა შორის მთელს ნიუ-იორკში მატულობს, თუმცა ჰარლემში ეს დონე 50 %-ით მაღალია ქალაქის საშუალო მაჩვენებელზე.[17]

1950-60-იან წლებში ჰარლემში პოპულარული ხდება ინიექციური ჰეროინი. 1980-იან წლებში კოკაინის ფხვნილი ვრცელდება, რამაც თანამდევი კრიმინალის ზრდა გამოიწვია, ვინაიდან ადვილად მიჩვევადი ნარკოტიკის შესაძენად ფინანსები სულ უფრო მზარდი რაოდენობით ხდებოდა საჭირო.

1981 წელს ჰარლემში 6500 ქურდობა დარეგისტრირდა. 1990 წლისთვის ეს რიცხვი დაეცა 4800-მდე, შესაძლოა უბანში პოლიციის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდის წყალობით. მომდევნო ათი წლის განმავლობაში „ფხვნილის ომების“ დასრულებისა და იმდროინდელი მერი რუდოლფ ჯულიანის აგრესიული პოლიტიკის დაწყებით კრიმინალის დონე ჰარლემში საგრძნობლად დაეცა. შედეგად, 2000 წელს მხოლოდ 1700 ქურდობა დარეგისტრირდა. მსგავსი ცვლილებები ხდება კრიმინალის ყველა კატეგორიაში. მაგ. პოლიციის მიერ კონტროლირებულ 32-ე უბანში (ცენტრალური ჰარლემი) 1993-2004 წლებში მკვლელობების რაოდენობამ 68 %-ით იკლო, გაუპატიურებისამ - 70 %-ით, ქურდობისამ - 60 %-ით, ყაჩაღობისამ - 81 %-ით, ხოლო კრიმინალზე შემოსული საჩივრებისამ - 62 %-ით. შედეგად, კრიმინალის დონე ჰარლემში 2005 წელს უკვე უსწორდება სხვა ამერიკის ქალაქების მდიდარი, თეთრი უბნებისას, როგორიცაა სანტა-მონიკა, კალიფორნია.[18][19]

ჰარლემის ღირსშესანიშნაობები

სასტუმრო ტერეზა ადამ კლეიტონ უმც.-ისა და მარტინ ლუთერ კინგი უმც.-ის ბულვარებს შორის

ლიტერატურა

  1. "To Live In Harlem," ფრენკ ჰერკულესი, National Geographic, თებერვალი 1977, გვ.178+
  2. "Harlem, the Village That Became a Ghetto," მარტინ დაბერმანი, New York, N.Y.: An American Heritage History of the Nation's Greatest City, 1968
  3. "The Growth and Decline of Harlem's Housing", თორინ ტრიტერი, Afro-Americans in New York Life and History, 31 იანვარი, 1998
  4. "The Making of Harlem," ჯეიმზ ველდონ ჯონსონი, The Survey Graphic, მარტი 1925
  5. "Negro Districts in Manhattan," ნიუ-იორკ ტაიმსი, 17 ნოემბერი, 1901
  6. "118,000 Negroes Move From The South," The New York World, 5 ნოემბერი, 1917
  7. Osofsky, "Making of a Ghetto", ნაშრომში Harlem: A Community in Transition, 1964, გვ. 20
  8. "Powell Says Rent Too High," New York Post, 28 მარტი, 1935
  9. Demographia - მოსახლეობის სიმჭიდროვის მონაცემები
  10. 10.0 10.1 10.2 ჰარლემის ეკონომიკური გადახალისება დაარქივებული 2004-09-12 საიტზე Wayback Machine. , ელად გოთელფი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, მაისი, 2004
  11. "244,000 Native Sons," ჟურნალი LOOK, 21 მაისი, 1940, გვ.8+
  12. მონაცემთა ბაზა Big Bands Database, My Harlem Reverie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-27. ციტირების თარიღი: 2006-08-21.
  13. "Need for Harlem Theater," Jim Williams, ნაშრომში Harlem: A Community in Transition, 1964. გვ.158
  14. Povery and Politics in Harlem, Alphonso Pinkney & Roger Woock, College & University Press Services, Inc., 1970, გვ.27
  15. McCord C and HP Freeman. "Excess Mortality in Harlem." დაარქივებული 2006-08-23 საიტზე Wayback Machine. New England Journal of Medicine 322(1990):173-177
  16. Francis A.J. Ianni, Black Mafia, 1974
  17. Povery and Politics in Harlem, Alphnso Pinkney & Roger Woock, College & University Press Services, Inc., 1970, გვ.33
  18. Policy Department City of New York CompStat, 32nd Precinct, ტომი 12 #38. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-09. ციტირების თარიღი: 2006-08-21.
  19. სანტა-მონიკას კრიმინალური სტატისტიკა

რესურსები ინტერნეტში

პორტალი ნიუ-იორკი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ნიუ-იორკზე.