შინაარსზე გადასვლა

მეორე ინტერნაციონალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინტერნაციონალი.

მეორე ინტერნაციონალი, სოციალისტური ინტერნაციონალი, მშრომელთა ინტერნაციონალი (14 ივლისი, 18891916) — მუშათა პარტიების საერთაშორისო გაერთიანება. მისი შექმნა განაპირობა მუშათა მოძრაობის აღმავლობამ, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩაისახა პირველი ინტერნაციონალის მოღვაწეობის შედეგად. 80-იან წლებში, გარდა ადრე არსებული სოციალისტური პარტიებისა, მუშათა პარტიები ჩამოყალიბდა ბელგიაში, შვეიცარიაში, ესპანეთში, იტალიაში, შვედეთში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში. რუსეთში შეიქმნა მარქსისტული „შრომის განთავისუფლების ჯგუფი“ და მარქსისტული წრეები.

ახალი სოციალისტური გაერთიანების შექმნაში დიდი როლი ითამაშა ფ. ენგელსმა. მისი ძალისხმევით, ახალი საერთაშორისო სოციალისტური კონგრესის ინიციატივა მარქსისტებმა ჩაიგდეს ხელში და შესაბამისად დაუქვემდებარეს მარქსისტულ იდეებს. კონგრესზე დაიგმო ოპორტუნისტულ-რეფორმისტული მიმდინარეობანი (ფრანგი პოსიბილისტები, ინგლისის სოციალ-დემოკრატიული ფედერაციის ოპორტუნისტული ფრთა) და ანარქისტები, რომლებიც ცდილობდნენ მეორე ინტერნაციონალის დამფუძნებელთა როლში გამოსულიყვნენ. ფ. ენგელსი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მეორე ინტერნაციონალის უშუალოდ I და II კონგრესების მომზადებაში, ის ასევე პირადად ესწრებოდა III კონგრესს.

1889 წლის 14-21 ივლისს პარიზში შედგა მეორე ინტერნაციონალის პირველი კონგრესი. კონგრესმა მუშათა მოძრაობის საბოლოო მიზნად დასახა სოციალიზმი და განსაზღვრა მისი უახლოესი ამოცანებიც: 8-საათიანი სამუშაო დღე, ბავშვებისა და ქალების სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სხვა. მარქსისტების გავლენით კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროლეტარიატის მიერ ძალაუფლების მოსაპოვებლად პროფკავშირებისა და სხვა ორგანიზაციების გარდა საჭირო იყო ძლიერი სოციალისტური პარტიის შექმნა.

1891 წლის 16-22 აგვისტოს ბრიუსელში შედგა მეორე ინტერნაციონალის მეორე კონგრესი. მილიტარიზმთან მუშათა კლასის დამოუკიდებლობის საკითხში კონგრესმა მიიღო კ. ლიბკნეხტის რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ომები კაპიტალისტური სისტემის გარდაუვალი შედეგია და რომ მხოლოდ სოციალისტურ საზოგადოებას შეუძლია ბოლო მოუღოს მილიტარიზმს და ხალხს მშვიდობა მოუტანოს. კონგრესმა დაადასტურა ეკონომიკური და პოლიტიკური ბრძოლის შერწყმის, მუშათა კანონმდებლობისათვის ბრძოლის გაფართოების აუცილებლობა.

1893 წლის 6-12 დეკემბერს ციურიხში შედგა მეორე ინტერნაციონალის მესამე კონგრესი. კონგრესმა გადაჭრით დაგმო ანარქისტების ტაქტიკა. კონგრესმა გადაწყვიტა, რომ მეორე ინტერნაციონალის რიგებში მხოლოდ ის მუშათა პარტიები ყოფილიყვნენ, რომლებიც აღიარებდნენ პოლიტიკური ბრძოლის აუცილებლობას. კონგრესის მთავარი საკითხი იყო სოციალურ-დემოკრატიული პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი. მეორე ინტერნაციონალის საქმიანობას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ფ. ენგელსი. მან შეიმუშავა მუშათა კლასის ერთიანობისათვის ბრძოლის პროგრამა და ტაქტიკა. გამოდიოდა მუშათა მოძრაობაში ოპორტუნისტებისა და „მემარცხენე“ ნახევრად ანარქისტული ელემენტების წინააღმდეგ.

1896 წლის 27 ივლისს — 1 აგვისტოს ლონდონში შედგა მეორე ინტერნაციონალის მეოთხე კონგრესი. კონგრესმა მეორე ინტერნაციონალიდან გარიცხა ანარქისტები, დაადასტურა წინა კონგრესის გადაწყვეტილებები მუშათა კლასის პოლიტიკური ბრძოლის შესახებ და რეკომენდაცია მისცა პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად ორგანიზებული ბრძოლის ყველა ფორმის გამოყენებას. რეზოლუციაში არ იყო ლაპარაკი პროლეტარიატის მიერ ბურჟუაზიული ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობის, ბურჟუაზიული სახელმწიფო აპარატის აუცილებელი დამსხვრევისა და პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების შესახებ. კონგრესმა დაგმო კოლონისტური პოლიტიკა, აღიარა ერთა თვითგამორკვევის უფლება, კვლავ დაადასტურა ომის შესახებ წინა კონგრესის მიერ მიღებული ანტიმილიტარისტული გადაწყვეტილებანი.

ლონდონის კონგრესით დამთავრდა მეორე ინტერნაციონალის მოღვაწეობის I პერიოდი, რომლის ძირითადი შედეგი იყო მუშათა მოძრაობაში მარქსიზმის ჰეგემონიის დამკვიდრება. მეორე ინტერნაციონალმა ხელი შეუწყო ახალ სოციალისტურ მუშათა პარტიებისა და ორგანიზაციების შექმნის პროცესს. მუშათა მოძრაობის განვითარებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ვ. ლენინის მიერ 1895 წელს პეტერბურგში „მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირის“ დაარსება. ოპორტუნისტულ მიმდინარეობათა შორის გაბატონებული მდგომარეობა რევიზიონიზმმა დაიკავა. მისი მთავარი იდეოლოგი ე. ბერნშტაინი იყო, რომლის შეხედულებათა წინააღმდეგ გამოვიდა ა. ბებელი. რევიზიონიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ გ. პლეხანოვი, ფ. მერინგი, პ. ლაფარგი, რ. ლუქსემბურგი და სხვანი. ბერნშტაინელობას ბოლომდე დაუპირისპირდა ვ. ლენინი. რევოლუციური მარქსიზმისა და მსოფლიო რევოლუციური მოძრაობის ცენტრმა რუსეთში გადაინაცვლა და მჭიდროდ დაუკავშირდა ვ. ლენინის მოღვაწეობას.

1900 წლის 23-27 სექტემბერს პარიზში შედგა მეორე ინტერნაციონალის მხუთე კონგრესი. აქ თავი იჩინა იმ ბრძოლამ, რომელიც საერთაშორისო მუშათა მოძრაობაში რევოლუციურ და ოპორტუნისტულ მიმდინარეობებს შორის იყო. მწვავე კამათის ობიექტად იქცა ე. წ. მილიერანის საქმე. იგი ეხებოდა მუშათა კლასის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობას და ბურჟუაზიულ პარტიებთან კავშირს. ამ საკითხზე პროექტები წარადგინეს კ. კაუცკიმ (მილიერანის მომხრე) და ჟ. გედმა (მილიერანის მოწინააღმდეგე). კონგრესის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კაუცკის „კაუჩუკურ“ რეზოლუციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა ოპორტუნისტებს არამარტო გაემართლებინათ მილიერანი, არამედ გაეტარებინათ „მინისტერიალიზმის“ პოლიტიკა. კონგრესზე შეიქმნა საერთაშორისო სოციალისტური ბიურო.

1904 წლის 14-20 აგვისტოს ამსტერდამში შედგა მეორე ინტერნაციონალის მეექვსე კონგრესი. მას ესწრებოდნენ ყველა კონტინენტის სოციალისტური პარტიების დელეგატები, მათ შორის რსდმპ-საც. კონგრესმა დაგმო რუსეთ-იაპონიის ომი (1904-1905), როგორც ორმხრივ დამპყრობლური, განიხილა სოციალისტური ტაქტიკის საერთაშორისო წესები, პარტიის ერთიანობის, საყოველთაო გაფიცვის, კოლონისტური პოლიტიკის და სხვა საკითხები; დაგმო რევიზიონიზმი და „მინისტერიალიზმი“; აღიარა ყველა ქვეყნის სოციალისტთა ერთიანობის აუცილებლობა. რეზოუციაში აღარ იყო ლაპარაკი ეროვნული თვითგამორკვევის შესახებ. სოციალისტებს წინადადება მიეცათ მოეთხოვათ კოლონიების მოსახლეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა მათი განვითარების დონის შესაბამისად. მუშათა ბრძოლის უკიდურეს საშუალებად აღიარეს მასობრივი გაფიცვა და არა შეიარაღებული აჯანყება.

1905-1907 წლების რევოლუციამ რუსეთში ბიძგი მისცა მუშათა რევოლუციური მოძრაობის საყოველთაო ზრდას მთელ მსოფლიოში, ხელი შეუწყო რევოლუციური მარქსიზმის წარმატებას ოპორტუნისტებთან და რევიზიონიზმთან ბრძოლაში. მეექვსე კონგრესზე გამოიკვეთა სამი მიმდინარეობა:

  • მემარჯვენე ფრთა — აშკარა ოპორტუნისტები (ე. ბერნშტაინი, პ. ჰაინდმანი, ლ. ბისოლატი და სხვები);
  • ცენტრიზმი (კ. კაუცკი, ჯ. რ. მაკდონალდი, ა. თომა, ე. ვანდერველდე, ო. ბაუერი და სხვები);
  • მემარცხენე ფრთა (ბოლშევიკები ვ. ლენინის მეთაურობით და დასავლეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიათა მემარცხენე მოღვაწენი: ფ. მერინგი, რ. ლუქსემბურგი, კ. ლიბკნეხტი, დ. ბლაგოევივ. კოლაროვი და სხვები).

1907 წლის 18-24 აგვისტოს შტუდგარდში შედგა მეორე ინტერნაციონალის მეშვიდე კონგრესი. კონგრესს ესწრებოდა ვ. ლენინი. კონგრესზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, ომის შემთხვევაში სოციალისტები ვალდებული იყვნენ გამოეყენებინათ ომით გამოწვეული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი კაპიტალის ბატონობის დამხობის დასაჩქარებლად. მემარცხენეებმა მიაღწიეს იმას, რომ კონგრესმა არსებითად დაგმო კაპიტალისტური ქვეყნების კოლონისტური პოლიტიკა, ასევე „შრომასა და კაპიტალს შორის ჰარმონიზაციის“, „პროფკავშირების ნეიტრალიზაციის“ ოპორტუნისტული თეზისები, აღიარა პროფკავშირებისა და პარტიის შეთანხმებული საქმიანობის აუცილებლობა.

1910 წლის 28 აგვისტო — 3 სექტემბერს კოპენჰაგენში შედგა მეორე ინტერნაციონალის მერვე კონგრესი. იგი მიესალმა აზიის ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას, არსებითად დაადასტურა წინა კონგრესების მიერ მიღებული მარქსისტული, მაგრამ არა ყოველთვის თანმიმდევრული გადაწყვეტილებანი მილიტარიზმთან ბრძოლის, პროფკავშირთა ერთიანობის შესახებ და სხვა. ვ. ლენინმა მემარცხენეების მხარდაჭერით შეძლო გაეტარებინა რეზოლუციის პროექტი, რომლითაც დარტყმა მიაყენა კოოპერატივების „ნეიტრალიტეტის“ თეორიას და როგორც კაპიტალისტურ საზოგადოებაში არსებული „სოციალისტური უჯრედების“ რეფორმისტულ განმარტებას.

1912 წლის 24-25 ნოემბერს ბაზელში შედგა მეორე ინტერნაციონალის მეცხრე კონგრესი. კონგრესის მიერ მიღებულ ბაზელის მანიფესტში კონგრესის მონაწილე ყველა სოციალისტური პარტიის დელეგატი მოითხოვდა გადამწყვეტ ბრძოლას და სოლიდარულ მოქმედებას იმპერიალიზმის წინააღმდეგ.

კომუნისტური ინტერნაციონალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომუნისტების შეხედულებით „I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მეორე ინტერნაციონალში შემავალმა პარტიებმა მიატოვეს სოციალისტური და პროლეტარიატის ინტერნაციონალური საქმიანობა და გადავიდნენ სხვადასხვა ბანაკებში, რამაც გამოიწვია მეორე ინტერნაციონალის დაშლა. ომის დაწყებისთანავე შეწყვიტა თავის მოღვაწეობა მეორე ინტერნაციონალის საერთაშორისო ბიურომ, შეწყდა კავშირი სოციალ-დემოკრატიულ და სოციალისტურ პარტიებს შორის. მეორე ინტერნაციონალის იდეა გააგრძელა ვ. ლენინის ხელმძღვანელობით ბოლშევიკურმა პარტიამ გაარგრძელა“. 1914 წლის შემოდგომაზე ვ. ლენინმა შეიმუშავა იმპერიალისტური ომის სამოქალაქო ომში გადაზრდის, იპერიალისტურ ომში მთავრობის დამარცხების პრინციპები და მოითხოვა მეორე ინტერნაციონალთან კავშირის გაწყვეტა, ახალი კომუნისტური ინტერნაციონალის შექმნის მიზნით.

ომის შემდგომი ინტერნაციონალის აღდგენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

I მსოფლიო ომის დასასრულს 1919 წლის თებერვალში ბერნში გაიმართა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ძველი სოციალ-დემოკრატიული პარტიების უმრავლესობამ. ბერნში გამართული კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის შეფასება. ამ კონფერენციაზე გამოცხადდა საერთაშორისო სოციალისტური კომისიის შექმნა. ბერნში მიღებულ რეზოლუციებში საუბარი იყო მეორე ინტერნაციონალის აღორძინების დასაწყისზე. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ამ ასოციაციას „ბერნის ინტერნაციონალსაც“ უწოდებდნენ. 1919 წლის ლუცერნის კონფერენციაზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ვერსალის ხელშეკრულებას და ერთა ლიგის დაარსებას. 1920 წლის ივლისში ჟენევაში (შვეიცარია) გაიმართა კონგრესი, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა მეორე ინტერნაციონალის ხელახალი დაარსება.

თავის მხრივ, რამდენიმე პარტია და ჯგუფი - ინგლისის დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტია, გერმანიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები, საფრანგეთის სოციალისტური პარტია (SFIO), რუსი მენშევიკები და სოციალისტი რევოლუციონერები, ავსტრიელი სოციალ-დემოკრატები და ზოგიერთი სხვა — არ ეთანხმებოდნენ მეორე ინტერნაციონალს იმპერიალისტური ომისა და სამოქალაქო სამყაროს მხარდაჭერისა და კომინტერნის შემადგენლობაში არ მიღების გამო, 1921 წლის დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს ეგრეთ წოდებული „ორნახევარი“ ან ვენის ინტერნაციონალი, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა სოციალისტური პარტიების საერთაშორისო მუშათა გაერთიანება. 1923 წლის მაისში ვენის ინტერნაციონალი გაერთიანდა მეორე ინტერნაციონალთან, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მუშათა სოციალისტური ინტერნაციონალი.

1951 წელს დასავლეთ გერმანიის ფრანკფურტში შეიქმნა სოციალისტური ინტერნაციონალი, რომელმაც თავი გამოაცხადა მეორე ინტერნაციონალის სამართალმემკვიდრედ.