შინაარსზე გადასვლა

Starstreak

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Starstreak
[[ფაილი:|300პქ]]
Starstreak მსუბუქი მრავალჯერადი გამშვების (LML) პოზიცია წვრთნების დროს დარტმურში. სამიდან ერთი რაკეტა გასროლილია.
ტიპი გადასატანი/სამანქანო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა
წარმომავლობის ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1997–დღემდე
იყენებენ იხ. #ოპერატორები § Notes
წარმოების ისტორია
შექმნის თარიღი 1980-იანი წლები
მწარმოებელი Thales Air Defence
წარმოების პერიოდი 1986 წლის ნოემბერი
რაოდენობა 7,000
ვარიანტები იხ. #ვარიანტები § Notes
მახასიათებლები
წონა 14.00 კგ[1]
სიგრძე 1.397 მ
დიამეტრი 1300 მმ
გათვლა / ჯგუფეული 1

ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე 4 მახზე მეტი[2]
დამიზნების მანძილი Starstreak: 0.3–7 კმ,
Starstreak II: 7+ კმ [3][4]
სამიზნეები ოპტიკური
ქობინი სამი ფეთქებადი ქვეამუნიცია („darts“)
ქობინის წონა 3 × 0.90 კგ ვოლფრამის შენადნობის ქვეამუნიცია, თითოეული შეიცავს 450 გრამ პოლიმერულ ასაფეთქებელ ნივთიერებას (PBX-98)
დეტონაციის
მექანიზმი
მოხვედრებით

Starstreakბრიტანული მოკლე მანძილზე მოქმედი გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. აწარმოებს კომპანია Thales Air Defence (ყოფილი Shorts Missile Systems), ბელფასტში. ასევე ცნობილია, როგორც Starstreak HVM (ინგლ. High Velocity Missile, „მაღალი სიჩქარის რაკეტა“). გაშვების შემდეგ, რაკეტა 4 მახის სიჩქარეს აღწევს,[4] რაც მას ამჟამად არსებულთაგან ყველაზე სწრაფ მიწა-ჰაერის სისტემად აქცევს.[5] ამის შემდეგ რაკეტა უშვებს სამ მცირე ზომის ლაზერული დამიზნების რაკეტას (dart, „შუბი“) რაც ზრდის წარმატებული მოხვედრების შანსს. Starstreak ბრიტანეთის არმიის შეიარაღებაში 1997 წლიდან არსებობს. 2012 წელს Thales-მა სისტემას სახელი შეუცვალა და ForceSHIELD-ის სახელით უშვებს.[5]

Starstreak რაკეტა აფრიკის ავიაკოსმოსურ და თავდაცვის ექსპოზე, 2006 წლის სექტემბერი
ბრიტანეთის სამეფო არტილერიის ჯარისკაცი Starstreak სისტემით

რაკეტაზე მუშაობის პროცესი ადრეულ 1980-იან წლებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობათა კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი სიჩქარის რაკეტა საუკეთესოდ უპასუხებდა არსებულ გამოწვევებს და შესაძლოა, არსებული, მხრიდან გასაშვები სისტემებიც ჩაენაცვლებინა. ჩამოყალიბდა გენერალური შტაბის მოთხოვნა GSR 3979,[6] სადაც მითითებული იყო სპეციფიკური საჭიროებები და სამი სხვადასხვა პლატფორმა:

  • თვითმავალი გამშვები დანადგარი.[6]
  • სამმაგი გამშვებით აღჭურვილი მსუბუქი დანადგარი.[6]
  • გადასატანი გამშვები.[6]

1984 წელს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ სამუშაო კონტრაქტები გაუფორმა ორ კომპანიას – British Aerospace (BAe) და Shorts Missile Systems. BAe-ს შემოთავაზებული რაკეტის სახელწოდება იყო Thunderbolt HVM. კონკურის შემდეგი ეტაპი Shorts-მა მოიგო და საბოლოოდ, £356 მილიონის ღირებულების კონტრაქტიც მასთან გაფორმდა. აქტიური მუშაობა 1986 წლის ნოემბერში დაიწყო, ხოლო რაკეტები შეიარაღებაში 1997 წლის სექტემბერში მიიღეს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიზანი იყო შეიარაღებაში არსებული Javelin-ის ტიპის მიწა-ჰაერი რაკეტების ჩანაცვლება.[6] სამმაგი გამშვების და გადასატანი ვარიანტები შეიარაღებაში 2000 წლიდან მიიღეს.

2001 წლის ივლისში Thales-მა მიიღო კონტრაქტი Starstreak-ის შემდეგი თაობის მოდელებზე, რომლებიც „ჩემი-სხვისი“ ამომცნობი სისტემებითაა აღჭურვილი.[6]

2007 წლის შუაში Thales-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში შექმნა Starstreak II, გაცილებით გაუმჯობესებული ვარიანტი. მის უპირატესობათაგან აღინიშნა 7 კილომეტრამდე გაზრდილი მოქმედების მანძილი, გაზრდილი ლეტალურობა,[3][4] გაუმჯობესებული დამიზნების სისტემა და გაცილებით დიდ სიმაღლეზე (5 კმ) მოქმედების შესაძლებლობა[7][8]

2011 წელს Thales-მა მოიგო კონტრაქტი მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტაზე (Lightweight Multirole Missile, LMM), რის შემდეგაც კომპანიამ განაცხადა, რომ პროექტზე სამუშაოდ, სამინისტროსთან შეთანხმებით, წინა კონტრაქტებით მიღებული ბიუჯეტის გადამისამართება მოხდებოდა. გავრცელებული მოსაზრებით, ამაში Starstreak-თან დაკავშირებული კონტრაქტები იგულისხმებოდა.[9]

Starstreak-ის რაკეტა მობილური ახლომოქმედი საჰაერო თავდაცვის პლატფორმა AN/TWQ-1 Avenger-იდან გაშვებისას

მსუბუქი, ანუ გადასატანი ფორმით გამოყეებისას Starstreak-ის რაკეტა დახურულ გამშვებ მილშია მოთავსებული. გამოყენებისას გამშვები მილი მაგრდება სამიზნე დანადგარზე. ოპერატორი ახორციელებს მიზანზე მიდევნებას სამიზნე დანადგარზე არსებული ოპტიკურად სტაბილიზებული სამიზნით. მიდევნების პროცესი საშუალებას აძლევს სამიზნე დანადგარს, გამოთვალოს შესაბამისი ტრაექტორია რაკეტის მიზანთან მიყვანისთვის. ოპერატორს შეუძლია სამიზნე დანადგარში შეიყვანოს ინფორმაცია ქარის სიჩქარის და შორ მანძილზე დამიზნების შემთხვევაში, სიმაღლეთა შორის სხვაობის შესახებ. მიდევნების დასრულებისას ოპერატორი რაკეტის გაშვებას ღილაკზე დაჭერით ახორციელებს.[6]

ამ დროს მოქმედებაში მოდის რაკეტის საწყისი ძრავა, რომელიც უზრუნველყოფს რაკეტის გატყორცნას გამშვები მილიდან, თუმცა, ოპერატორის უსაფრთხოების მიზნით მილიდან გაშვებამდე საწყისი ძრავა მთლიანად იწვება. მას შემდეგ, რაც რაკეტა ოპერატორს უსაფრთხო მანძილზე (4 მეტრი) მოშორდება, მოქმედებაში მოდის მეორე ძრავა, რომელიც რაკეტის მკვეთრ აქსელერაციას ახდენს, იმდენად, რომ ძრავის წვის დასრულებისას სიჩქარე 4 მახს (1372 მ/წმ) აღემატება. მეორე ძრავის დაწვისთანავე რაკეტა სამ მცირე რაკეტას („შუბს“) უშვებს.

„შუბის“ კორპუსი ვოლფრამის შენადნობისგანაა დამზადებული. თითოეული მათგანის სიგრძე 396 მმ-ია, დიამეტრი 22 მმ, ხოლო წონა – 900 გრამი. ამ წონის დაახლოებით ნახევარი, თითქმის 450 გრამი, ფეთქებადი მუხტია, რომლის დეტონაციასაც შეყოვნებული მოქმედების, შეხებით აქტივირებადი ამფეთქი უზრუნველყოფს.[6] „შუბი“ ორი ფრთით აღჭურვილი მბრუნავი წინა ნაწილის და ოთხი ფრთით აღჭურვილი უძრავი უკანა ნაწილისგან შედგება. უკანა ნაწილშია განთავსებული მიზნამდე მიყვანის ელექტრონული მართვის სისტემაც უკან მიმართული სენსორით.

„შუბები“ არ ემიზნებიან მიზნიდან არეკლილ ლაზერულ ენერგიას. ნაცვლად ამისა, Starstreak-ის სამიზნე დანადგარი მიზანზე მიმართავს ორ ლაზერულ სხივს, რომელიც მასზე ორგანზომილებიან მატრიცულ გამოსახულებას ხატავს. ლაზერების მოდულირების გაზომვით „შუბის“ სენსორი მატრიცაზე თავის ადგილს განსაზღვრავს, რომელზე დასარჩენადაც მისივე ელექტრონული სისტემა მიმართულებას აკორექტირებს. კორექტირებისთვის წინა ნაწილის ბრუნვის სიჩქარე მყისიერად მცირდება, რის შემდეგაც წინა ფრთები „შუბს“ შესაბამისი მიმართულებით აბრუნებს. სამივე „შუბი“ ერთად, დაახლოებით 1.5 მ რადიუსის ფორმაციით მიფრინავს და საკმარისი კინეტიკური ენერგია გააჩნია, რათა 7,000 მეტრის სიშორეზე 9 g ძალით მოძრავ მიზანს მოხვდეს.[6]

ლაზერული დამიზნების ადრეული სისტემები იყენებდა ერთ სხივს, რომელიც მუდმივად მიზანზე უნდა ყოფილიყო მიმართული. რაკეტა ამ სხივის ანარეკლს ემიზნებოდა, რის გამოც, მისი დაკარგვის შემთხვევაში მართვაც იკარგებოდა მანამ, სანამ არ აღდგებოდა ლაზერული სხივი მიზანზე. პრობლემას გარკვეულწილად ამსუბუქებდა ლაზერული სხივის გაფართოება, თუმცა, ეს ამცირებდა როგორც სიზუსტეს, ისე არეკლილი ენერგიის რაოდენობასაც. Starstreak-ში გამოყენებული სისტემა მიზანზე გაცილებით ფართო მატრიცას ხატავს, თუმცა, ეს სიზუსტის შემცირების გარეშეა შესაძლებელი.

მიზანზე მოხვედრებისას მოქმედებაში მოდის შეყოვნებული მოქმედების ამფეთქი. ამგვარი ამფეთქი „შუბს“ აძლევს დროს, ღრმად შევიდეს მიზანში, ვიდრე მისი ქობინი აფეთქდება. ვოლფრამის კორპუსი სპეციალურადაა შექმნილი ფრაგმენტაციის და მაქსიმალური ზიანის გამოწვევის მიზნით.[6]

1999 წლის სექტემბერში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც Starstreak რაკეტა სახმელეთო მიზნის, კერძოდ, FV432 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის წინააღმდეგ გამოიყენეს, რათა შეემოწმებინათ მისი ეფექტურობა მიწა-მიწა რაკეტის როლში.[6] თითოეულ „შუბს“, რომლის სიჩქარეც 4,500 კმ/სთ-ს აღწევდა, იგივე კინეტიკური ენერგია გააჩნდა, რაც Bofors-ის 40 მმ L/70 ტიპის ავტომატური ქვემეხის გასროლას. მიუხედავად ამისა, მას არ გააჩნია ჯავშანგამტანი თვისებები, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო ან ორმაგი დანიშნულების (მიწა-მიწა, მიწა-ჰაერი) ტიპის მართვად რაკეტებს აქვთ.

Starstreak-ს ინფრაწითელი დამიზნების, რადარული მართვის ან რადიოსიგნალებით მართვად სისტემებთან შედარებით არაერთი უპირატესობა აქვს:

  • შეუძლებელია მისი ჩახშობა ინფრაწითელი ან რადიოსიგნალების ჩამხშობი მოწყობილობებით.[10]
  • მის წინააღმდეგ არაეფექტურია ანტისარადარო რაკეტები.[10]

გამოყენების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გადასატანი Starstreak-ით აღჭურვილი სამეფო საზღვაო ქვეითი წვრთნების დროს, 2021

რაკეტა პირველად 1997 წელს, სამეფო არტილერიის მე-12 და 47-ე პოლკების შეიარაღებაში გამოჩნდა. კომპლექტში შედიოდა საჰაერო თავდაცვის გაცილების ხელსაწყო (Air Defence Acquisition Device, ADAD) და ×60 თერმული ხედვის სამიზნე. თითოეულ პოლკს გადაეცა 108 ერთეული თვითმავალი შეჯავშნული გამშვები, რომელიც Stormer-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორტის მუხლუხიან შასიზე იყო დამონტაჟებული. თითოეულ შასიზე გასაშვებად გამზადებული 8 და საბრძოლო მარაგში არსებული 8 რაკეტა იყო განთავსებული (თავდაპირველად, 12-12, თუმცა, შემდეგომ მოდიფიკაციებში ეს რაოდენობა შემცირდა). ამან ზემოთაღნიშნული ორი პოლკი ბრიტანეთის არმიაში ყველაზე მძლავრად აღჭურვილ ქვედანაყოფებად აქცია. გამშვებები, თავდაპირველად, აკუმულატორების საშუალებით მუშაობდა, რაც მათ ენერგიას და გამოსხივებას ამცირებდა, თუმცა, მოგვიანებით, სხვადასხვა სახის მოდიფიკაციების დამატებამ ენერგიის მოხმარება მკვეთრად გაზარდა. მსუბუქი, სამგამშვებიანი ვარიანტი (LML) შეიარაღებაში მალევე გამოჩნდა და მათი პირველი პარტიები სამეფო საზღვაო ქვეითების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფებმა და მე-16 საჰაერო შეტევის ბრიგადაზე მიმაგრებულმა სამეფო არტილერიის საჰაერო შეტევის ბატარეამ მიიღო. ზემოხსენებული, Stormer-ზე დამონტაჟებული ვარიანტები ბრიტანულ ძალებს ერაყშიც ჰქონდათ, თუმცა, მათი გასროლა არ მომხდარა. ბრიტანეთის არმია ამჟამად A5 ტიპის, მე-5 თაობის რაკეტებს იყენებს, როგორც წესი, მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტასთან (Lightweight Multirole Missile) კომბინაციაში.

2012 წელს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ Starstreak A4 რაკეტების რამდენიმე დანაყოფს ლონდონში, რამდენიმე კორპუსის სახურავზე განათავსებდა, რაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას უკავშირდებოდა. განცხადებამ მცხოვრებთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი მსგავსი ზომების აუცილებლობაში დარწმუნებული არ იყვნენ.[11][12] 2013 წელს სამინისტრომ დამატებით 200 ერთეული რაკეტა შეუკვეთა.[13]

2022 წლის 16 მარტს, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო უპირატესობის დასაძლევად ბრიტანეთი უკრაინას Starstreak-ის რაკეტებს მიაწვდიდა,[14] რის შემდეგაც, ბრიტანელმა სამხედროებმა უკრაინული ძალების წვრთნა დაიწყეს სისტემების გამოყენებაში.[15] რამდენიმე თვითმავალი სისტემა განთავსდა პოლონეთშიც, როგორც დროებითი თავდაცვის ზომა Sky Sabre სისტემების განთავსებამდე.[16]

Starstreak-ის გასროლა Alvis Stormer-ზე დამონტაჟებული თვითმავალი სისტემიდან, 2014
  • ATASK (Air To Air Starstreak): ჰაერი-ჰაერი ტიპის მოდიფიკაცია, რომლის გაშვებაც შვეულმფრენიდან ხდება. იგი 1995-1998 წლებში, McDonnell-Douglas-სა და Lockheed Martin-ს შორის თანამშრომლობით შეიქმნა სპეციალურად AH-64 Apache-ზე გამოყენების მიზნით. ეს ვარიანტი ჯერ არაა შეიარაღებაში მიღებული.[6]
  • LML: მსუბუქი მრავალჯერადი გამშვები, რომელიც სამ რაკეტას იტევს. შესაძლებელია მისი გამოყენება დამოუკიდებლად, სადგარიანი გამშვების სახით, ან მისი დამონტაჟება მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებაზე, როგორიცაა Land Rover ან HMMWV (Humvee). LML-ს იდეა არმიის შემოთავაზებიდან მოდის, რომელიც მოძველებულ Javelin-ის მიწა-ჰაერი სისტემას ეხებოდა.[6]
  • Seastreak: არსებობს საზღვაო ხომალდებზე დასამონტაჟებელი ვარიანტის ორი ვერსია — მსუბუქი, LML-ის მსგავსი, რომელიც 6 რაკეტას იტევს და CIWS (close in weapon system, „ახლო მოქმედების შეიარაღების სისტემა“) 24 რაკეტით.
  • თვითმავალი სისტემა (SP HVM): მუხლუხიანი Alvis Stormer-ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის სახურავზე დამონტაჟებულია გასაშვებად გამზადებული 8 რაკეტა, ხოლო ტრანსპორტში ინახება დამატებით 8 ხელახალი დატენვისთვის.[6] თვითმავალი სისტემა ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს წარმოადგენს.
  • Starstreak Avenger: ეს ვარიანტი 1990-იანი წლების დასაწყისში, აშშ არმიის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა. იგი წარმოადგენს Boeing-ის წარმოების AN/TWQ-1 Avenger ტიპის მობილურ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, სადაც 1 FIM-92 Stinger-ის გამშვები ჩანაცვლებულია Starstreak-ის 1 გამშვებით, რომელიც 4 რაკეტას შეიცავს. შესაბამისად, შეცვლილია ცეცხლის კონტროლის სისტემაც.
  • Starstreak Mark II: Starstreak-ის გაუმჯობესებული ვარიანტი.
  • THOR/Multi Mission System (MMS): ოთხრაკეტიანი კოშკურა, რომელიც Pinzgauer-ის ტიპის 6×6 შასიზეა დამაგრებული.[17] პირველად 2005 წელს გამოჩნდა.[18]
  • RapidRanger: ზემოხსენებულის მსგავსი სისტემა, რომელიც ესპანური წარმოების URO VAMTAC მსუბუქ სამხედრო მანქანაზეა დამონტაჟებული.
რუკაზე ლურჯად ნაჩვენებია Starstreak სისტემების ოპერატორები
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
  • HVM SP (თვითმავალი) – დაახლოებით 40 სისტემა, საბრძოლო გამოყენებისთვის განსაზღვრულია 36 (თავდაპირველად შეძენილ იქნა 156 ერთეული).
  • HVM LML – დაახლოებით 16 სისტემა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ტაილანდის დროშა ტაილანდი
ინდონეზიის დროშა ინდონეზია
  • ინდონეზიის არმია – პირველი შეკვეთა 2011 წლის ნოემბერში გაფორმდა, რასაც მალე მეორეც მოჰყვა, თუმცა, მიწოდება არ განხორციელებულა და 2014 წლის იანვარში შედგა ხელახალი მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც 5 ბატარეა უნდა შეიარაღებულიყო Starstreak რაკეტებით, ControlMaster200 ტიპის რადარებით და კოორდინაციის სისტემებით, ხოლო Land Rover Defender-ის და URO VAMTAC ტიპის მსუბუქი მანქანები LML ტიპის გამშვებებით უნდა აღჭურვილიყო. საერთო ღირებულება £100 მილიონს აჭარბებდა.[5]
მალაიზიის დროშა მალაიზია
უკრაინის დროშა უკრაინა
  • უკრაინის შეიარაღებული ძალები – 2022 წლის მარტში გაკეთდა განცხადება სისტემების მიწოდების და პირადი შემადგენლობის მომზადების თაობაზე, რაც რუსეთ-უკრაინის ომში ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ნაწილია.[14]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Precision guidance with immunity to countermeasures. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-11-01
  2. http://web-old.archive.org/web/20110609144914/http://www.defencejournal.com/jan99/starstreak.htm
  3. 3.0 3.1 Starstreak II. thalesgroup.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2022-03-27.
  4. 4.0 4.1 4.2 Starstreak II > High Velocity Missile (HVM). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-08. ციტირების თარიღი: 2015-10-23
  5. 5.0 5.1 5.2 Chuter, Andrew. (14 January 2014) Indonesia Purchases Air Defense System From Thales. Defense News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 2014-01-15
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 (February 2005) Jane's Land-Based Air Defence 2005–2006. Jane's information group. ISBN 978-0-7106-2697-4. 
  7. Starstreak II sighted. Janes Information Group.
  8. Starstreak High Velocity Missile. Copybook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-18. ციტირების თარიღი: 2022-03-27.
  9. Thales Wins UK Missile Order by Giving Up Other Work. Defence News.[მკვდარი ბმული]
  10. 10.0 10.1 Starstreak High Velocity Missile. Copybook.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-18. ციტირების თარიღი: 2016-09-10
  11. „UK puts missiles on London rooftop to guard Olympics“. Reuters. 2012-04-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-18.
  12. „Are Olympic missiles just for show?“. BBC News. 2012-07-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 July 2012. ციტირების თარიღი: 10 July 2012.
  13. MOD orders more Starstreak missiles. www.gov.uk.
  14. 14.0 14.1 „UK supplying starstreak anti-aircraft missiles to Ukraine, defence minister Wallace tells BBC“. Reuters. 16 March 2021. ციტირების თარიღი: 16 March 2022.
  15. Parker, Charlie. „British Starstreak that can tear a MIG apart“. thetimes.co.uk. ციტირების თარიღი: 2022-03-22.
  16. „UK showcases missile systems to send to Poland“. BFBS. 21 March 2022. ციტირების თარიღი: 21 March 2022.
  17. Thor – Multi-Mission air defense. defense-update.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-29. ციტირების თარიღი: 2009-02-22
  18. Focus Archive. www.thalesuk.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-12. ციტირების თარიღი: 2009-02-22
  19. Trade Registers. Armstrade.sipri.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-13. ციტირების თარიღი: 2014-05-03
  20. Royal Thai Army selects Starstreak დაარქივებული 2012-11-20 საიტზე Wayback Machine. – Armyrecognition.com, 16 November 2012
  21. „Malaysia To Buy Starstreak V-Shorads Missiles“. Defense World. 30 July 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 August 2015. ციტირების თარიღი: 30 July 2015.
  22. 22.0 22.1 Thales to provide Forceshield and Starstreak to Malaysia. Army Recognition (2015-09-15). ციტირების თარიღი: 2017-06-14
  23. Malaysian defenders.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Starstreak&oldid=4638746“-დან