არაბული ლიტერატურა
არაბული ლიტერატურა წარმოიშვა VI საუკუნეში. უფრო ადრინდელი ნაშთები ჯერ კიდევ გაურკვეველი ტექსტების ფრაგმენტებს წარმოადგენს. VII საუკუნეში შექმნილმა ყურანმა ყველაზე ძლიერი გავლენა მოახდინა მთელს არაბულ კულტურასა და ლიტერატურაზე.
პრეისლამური ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურანისა და ისლამური ცივილიზაციის შექმნამდე პერიოდს მუსლიმები ჯაჰილიიას ანუ "უცოდინარობის პერიოდს" უწოდებენ. ეს ტერმინი რელიგიურ უცოდინარობას მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში უკვე არსებობს წერილობითი ლიტერატურის ნაკვალევი, წამყვანი მაინც ზეპირმეტყველება იყო, რომელიც უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ნამდვილი წერილობითი ლიტერატურა ვითარდებს VI საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან. პირველი არაბულენოვანი ტექსტები ორი საუკუნის შემდეგ თავმოყრილ იქნება ორ კრებულში: მუ'ალაკა და მუფადდალიიატი. ეს ნაწარმოებებიც ვერ ქმნის სრულყოფილ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი იყო აღნიშნული პერიოდის ლიტერატურა, რომლიდანაც, სავარაუდოდ, მხოლოდ საუკეთესო ლექსები ან ნაწყვეტები იქნა შენახული.
ყურანისა და ისლამის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურანმა უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა არაბულ ენაზე. მასში გამოყენებულმა ენამ დასაბამი მისცა ე.წ. "კლასიკურ არაბულს", რომელიც დღესაც პრესტიჟულ არაბულ დიალექტად ითვლება. ყურანი არა გაცილებით უფრო რთულ სტრუქტურას წარმოადგენს,ვიდრე წინა ნაწარმოებები. იგი დაყოფილია 114 სურად (თავი), რომლებიც 6236 აიას (სტროფი) შეიცავს. მასში წარმოდგენილია უამრავი სტილისტური ფიგურა: თხრობა, პარაბოლა (რომელიც ღვთის სიტყვადაა მიჩნეული), დიდაქტიკა. აქვეა კომენტარები იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს იგი გაგებული და ინტერპრეტირებული. ყურანის პარადოქსს წარმოადგენს ის, რომ მასში ერთდროულად უამრავი რთული მეტაფორაა და, ამავე დროს, მისი ტექსტი გამოირჩევა თავისი პირდაპირობით და სიცხადით. მიუხედავად იმისა, რომ ყურანი როგორც პროზაულ ასევე პოეტურ ელემენტებს შეიცავს (რაც მას აახლოებს რიტმული პროზის ჟანრთან), იგი ერთიან ნაწარმოებად მიიჩნევა, რომელიც არანაირ ლიტერატურულ კლასიფიკაციაში არ შედის. ტექსტი ღვთიურ სიტყვად და, აქედან გამომდინარე, ხელთუქმნელად და მარადიულადაა მიჩნეული. ამგვარი განსაკუთრებული მიდგომის საფუძველზე გაჩნდა ი’ჯაზის ანუ „ყურანის შეუდარებლობის“ დოქტრინა, რომელიც ამტკიცებს, რომ არავის არ შეუძლია და არც აქვს უფლება უფლება მიბაძოს ყურანის ლიტერატურულ სტილს. თავად ყურანში, 26-ე სტროფში მოცემულია პოეტების კრიტიკა და მათ „გზააბნეულები“ ეწოდებათ. ამან ზეწოლა მოახდინა პრეისლამური პერიოდის პოეტებზე, რომელთა პოპულარობა ხალხში ყურანის პოპულარობას კონკურენციას უწევდა. ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ VIII საუკუნემდე არაბულ ლიტერატურაში ჭეშმარიტი პოეტების დიდი ნაკლებობა იგრძნობა. გამონაკლისს წარმოადგენს ჰასასნ იბნ თაბი, რომელიც წერდა მუჰამედის სადიდებელ ლექსებს და ცნობილი გახდა როგორც „წინასწარმეტყველი პოეტი“. ყურანი უამრავი იდეის, ალუზიების, ციტირებები წყაროა. მისმა მორალურმა სწავლებამ უდიდესი გავლენა მოახდინა და დღესაც ახდენს ლიტერატურულ შემოქმედებაზე.
ყურანის გარდა ამ პერიოდის ლიტერატურას მიეკუთვნება ჰადისები, რომლებიც მუჰამედის ქადაგებებსა და ქმედებებს წარმოგვიდგენს, რაც ყოველი მუსულმანისთვის სამაგალითოდაა მიჩნეული. ამ ნამუშევართა ერთობლიობას ეწოდება სუნა, ანუ „გზა“. ჰადისებს შორის ზოგიერთს, რომელიც უფრო ავთენტურადაა მიჩნეული, საჰის უწოდებენ. ჰადისთა ერთ-ერთი, ყველაზე ნიშანდობლივი კრებული მოიცავს მუსლიმ იბნ ალ-ჰაჯაჯისა და მუჰამედ ალ-ბუხარის ნაწარმოებებს.
ამ პერიოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული კომპოზიცია არის ტაფსირი ანუ "ყურანის კომენტარი“. რელიგიური ხასიათის არაბული ნაწერების რიცხვში შედის ასევე უამრავი ქადაგებები, ლოცვები, როგორც მაგალითად, ალის ქადაგებები, რომლებსაც X საუკუნეში თავი მოუყარეს ნაი ალ-ბალაგაში („მჭერმეტყველების გზა“).
ისლამური ერუდიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუჰამედის ცხოვრების შესახებ კვლევები არაბულ ენაზე ერუდიციის განვითარების წინაპირობა გახდა. პრეისლამური პოეზიის შეკრების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ამ პოეტთაგან ზოგიერთი ახლოს იცნობდა წინასწარმეტყველს (როგორც მაგალითად, ლაბიდი, რომელიც ნამდვილად შეხვდა მუჰამედს და მიიღო მუსულმანობა) და მათი ნაწერები ნათელჰყოფდა იმ ეპოქას, რომელშიც ეს ამბები მოხდა. მუჰამედის ცხოვრებამ შთააგონა ასევე პირველი არაბული ბიოგრაფიები, რომლებიც ალ-სირაჰ ალ-ნაბავიიას სახელწოდებითაა ცნობილი. პირველი მათგანი დაწერილ იქნა ვაჰბ იბნ მუნაბის მიერ, ყველაზე ცნობილი ბიოგრაფიის ავტორი კი არის მუჰამედ იბნ იშაკი.
ისლამის სახელით დაიწყო ასევე არაბული ენის კვლევა. გადმოცემის მიხედვით როცა ხალიფა ალიმ წაიკითხა ყურანი, რომელიც შეცდომებით სავსე ენით იყო გადაწერილი, სთხოვა აბუ ალ-ასვალ ალ-დუალის დაეწერა წიგნი არაბული გრამატიკის წესების შესახებ. ცოტა მოგტვიანებით ხალილ აბნ აჰმადმა დაწერა არაბული ენის პირველი ლექსიკონი, სადაც შედიოდა მუსიკისა და ლექსთწყობის შესახებ გამოკვლევები. მისმა მოსწავლემ, სიბავეიმ კი შექმნა არაბული გრამატიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელსაც უბრალოდ წიგნი ეწოდება.
ხალიფა აბდ ალ-მალიქმა არაბული ენა ადმინისტრირების ოფიციალურ ენად გამოაცხადა, ხოლო ალ-მამუმ ბაღდადში კვლევებისა და თარგმნის ცენტრი - „სიბრძნის სახლი“ დააარსა. არაბულ სამყაროში სწავლების მნიშვნელოვანი კერები იყო ორი მეტოქე ქალაქი: ბასორა და კუფა.
ინსტიტუციებს, რომლებიც ძირითადად ისლამური რელიგიის სიღრმეების გასაანალიზებლად იყო დაარსებული, ბევრი სხვა საკითხის შესწავლაშიც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვით. ხალიფა იშამ ბენ აბდ ალ-მალიკმა, რომელმაც სწავლულებს უცხოური ლიტერატურის არაბულ ენაზე თარგმნა დაავალა, გადამწყვეტი როლი შეასრულა ლიტერატურის განვითარებასა და გამდიდრებაში. სავარაუდოდ ამ თარგმნილ ტექსტთაგან პირველი იყო სალამ აბუ ალ-ალას თარგმნილი არისტოტელეს მიმოწერა ალექსანდრე დიდთან. ამავე დროს აბდულა იბნ ალ-მუკაფამ თარგმნა ფაბლიოები. ამ ნაწარმოებთაგან ბევრი შემდეგში ხელახლა გავრცელდა ევროპაში უკვე არაბული ვერსიით.
არაბული პოეზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნემდე არაბული ლიტერატურის უმეტეს ნაწილს სწორედ პოეტური ფორმის ნაწარმოებები შეადგენს. ის ნაწერებიც კი, რომლებიც კონკრეტულად პოეზიას არ მიეკუთვნება, შეიცავს პოეზიის ელემენტებს ან იღებს რიტმული პროზის ფორმას. პოეზია და პროზის დიდი ნაწილი იწერებოდა ხმამაღლა კითხვის მიზნით და აქედან გამომდინარე ავტორები განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდნენ მელოდიურობას.
კომპილაციები და სახელმძღვანელოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]IX საუკუნის დასასრულს ბაღდადელმა წიგნების გამყიდველმა, აბნ ალ-ნადიმმა არაბული ლიტერატურის კვლევისათვის უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა: მან შეადგინა არსებული არაბულენოვანი წიგნების კატალოგი. ეს კატალოგი დღესაც არ კარგავს თავის ისტორიულ მნიშვნელობას.
აბასიდების დინასტიის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიტერატურული ფორმა კომპილაცია იყო. ეს იყო ამბების, იდეების, ლექსებისა და დიდაქტიკური ხასიათის ისტორიების კოლექცია. კომპილაციების თემები სხვადასხვაგვარი იყო: სახლი, ბაღი, ქალები, ეჭვიანობა, ცხოველები, სიძუნწე და ა.შ. ამ ჟანრის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო ალ-ჯაჰიზი. ეს კოლექციები განსაკუთრებით საჭირო იყო ნადიმებისთვის (ბატონის თანმხლები პირი), რომლებსაც ევალებოდათ ბატონი გართობა, ზოგჯერ კი რჩევის მიცემა საინტერესო ამბებით.
კომპილაციების პარალელურად ამ პერიოდში გავრცელებული იყო სახელმძღვანელოები, რომლებიც წარმოადგენდა მითითებებსა და რჩევა-დარიგებებს კონკრეტულ საკითხებში, როგორიცაა ეთიკეტი, მმართველობა, ბიუროკრატიული რჩევები და ა.შ. სახელმძღვანელოების ავტორთაგან მნიშვნელოვანია იბნ კტეიბა, რომელმაც, გარდა ამისა, დაწერა არაბი ხალხის ერთ-ერთი პირველი ისტორია. წყაროდ გამოყენებული იყო,როგორც ბიბლიური ისტორიები, ასევე ხალხური ზღაპრები და განსაკუთრებით, ისტორიული მოვლენები.
არაბულ ლიტერატურაში განსაკუთრებით ხშირია სექსუალობის თემა. დიდი პოპულარობით სარგებლობდა გაზალი - სასიყვარულო ლექსი, რომელიც ხან ნაზ და წმინდა სიყვარულს ხატავს, ხან კი უფრო ექსპლიციტურია. იწერებოდა ასევე ერთგვარი სექსუალური გიდები, როგორიცაა იბნ ჰაზიმის სურნელოვანი ბაღი, აჰმად ალ-ტიფაშის სურვილი იმისა, რასაც წიგნში ვერასოდეს იპოვი. ამის საწინააღმდეგოდ იბნ კაიიმ ალ-ჯავზიიას შეყვარებულთა პრერია და თავდავიწყებით შეყვარებულთა გართობა იძლევა რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან სიყვარული და სურვილი და ამგვარად თავიდან იქნას აცილებული ცოდვა.
ბიოგრაფიები, ქრონიკები და მოგზაურობის ამბები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი სერიოზული ბიოგრაფი, რომელიც პერსონაჟების ხასიათს უფრო ღრმად წარმოადგენდა და მხოლოდ ხოტბით არ შემოიფარგლებოდა, იყო ალ-ბალადური. მისი კეთილშობილთა გენელაოგიის წიგნი, ბიოგრაფიების ნამდვილ კოლექციას წარმოადგენს. მეორე მნიშვნელოვანი ნაშრომი ამ ჟანრში იყო იბნ ხალიკანის მიერ დაწყებულოი ბიოგრაფიული ლექსიკონი, რომელიც შემდეგ ალ-საფადიმ შეავსო. პირველ მნიშვნელოვან ავტობიოგრაფიას კი წარმოადგენს უსამა იბნ მუნკიდის ნაწარმოები, სადაც ავტორი ჯვაროსნულ ომებში მიღებულ გამოცდილებას აღწერს. ამავე პერიოდში პოპულარული გახდა მოგზაურობის ისტორიები, რომლის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან იბნ ჰავკალი, იბნ ფადლანი, ალ-ისტახრი, ალ-მუკადასი, ალ-იდრისი, იბნ ბატუტა. ეს ნაწარმოებები მკითხველს წარმოდგენას უქმნის იმდროინდელი ისლამური სამყაროს, სხვადასხვა ქვეყნების კულტურათა შესახებ. მათში ჩანს თუ როგორ იყო განვითარებული არაბულ ქვეყნებში ვაჭრობა, იძლევიან საინტერესო გეოგრაფიულ და ისტორიულ მასალებს.
ფიქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაბულ ლიტერატურაში შედარებით ნაკლები ადგილი უჭირავს ფიქციას. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს არაბული ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ათას ერთი ღამე. მიუხედავად იმისა, რომ არაბულად მიიჩნევა, იგი სპარსული ნაწარმოებების საფუძველზეა შექმნილი, ხოლო თავად ამბების საფუძველი ინდოეთშია. ათას ერთი ღამე ერთ გრძელ ზღაპრად გაერთიანებულ მცირე ზომის ამბებს წარმოადგენს. მათ შორის უამრავი ტიპის ისტორიებია: ფაბლიოები, ანდაზები, ამბები ჯიჰადისა და რელიგიის გამავრცელებლობის შესახებ, იუმორისტული ამბები, მორალური ზღაპრები და ა.შ.
მაკამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკამა, რომელიც გარდამავალი თხრობის ტიპია პროზასა და პოეზიას შორის, მდებარეობს ფიქციურ და არაფიქციურ ჟანრებს შორის. ეს არის რეალური სიტუაციებიდან აღებული, მაგრამ შელამაზებული მოკლე მოთხრობების სერიები, რომლებიც გარკვეული ამბის მიღმა სხვა თემას ეხება. ამ ჟანრის მაგალითს წარმოადგენს მაკამა ჯაოზზე, რომელიც წარმოდგება როგორც სხვადასხვა არომატების შედარება, მაგრამ სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური სატირა. ჟანრის ფუძემდებლად მიჩნეულია ალ-ჰამადჰარი. მაკამა განსაკუთრებით პოპულარული იყო არაბულ ლიტერატურაში და მას XVII – XVIII საუკუნეებშიც კი იყენებდნენ, როცა არაბული ლიტერატურა უკვე კრიზისს განიცდიდა.
თანამედროვე არაბული ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე არაბულ ლიტერატურას უწოდებენ ლიტერატურას, რომელიც იწყება ნაჰდას პერიოდში. ნაჰდა სიტყვასიტყვით გამოღვიძებას, გამოცოცხლებას ნიშნავს და რენესანსის ანალოგიურია. იგი XIX საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდიდან მსოფლიოში, ისევე როგორც თავად ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური ცვლილებები იწვევს მენტალიტეტის შეცვლას. XIX საუკუნისშუა წლებში ახლო აღმოსავლეთში უკვე იკვეთება თანამედროვე ინტელექტუალის ტიპი. მიიჩნევენ, რომ ნაჰდას დაწყება ნაპოლეონის ეგვიპტურ კამპანიასთანაა დაკავშირებული, რადგან აქედან იწყება არაბულ სამყაროში ევროპული ცივილიზაციის შესვლა. ნაპოლეონის არმიას თან ახლავს მეცნიერები, ინტელექტუალები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას დასავლურ კულტურას აზიარებენ. ამის შესახებ საინტერესო ფაქტები მოჰყავს ისტორიკოს ალ-ჯაბარტს. ამ პერიოდიდან იწყება სტუდენტთა გაგზავნა ევროპაში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ნაჰდას პერიოდის არაბული ლიტერატურის ორ მახასიათებელს წარმოადგენს ნეოკლასიკური მიმართულების აღმოცენება და მოდერნისტული მოძრაობა, რომელიც ძირითადად ტარგმანზე იყო ორიენტირებული.
სირიაში, ლიბანსა და ეგვიპტეში ზოგიერთი ავტორი კლასიკური მაკამას იმიტაციით ორიგინალურ ნამუშევრებს ქმნიდა. მათ შორის ყველაზე ცნობილია ალ-მუვაილიჰი, რომელიც თავის ნაწარმოებებში აკრიტიკებდა ისლამისტური პერიოდის ეგვიპტურ საზოგადოებას. მისი შემოქმედებით იწყება თანამედროვე არაბული ნოველის განვითარება. ეს მიმართულება გაგრძელებას ჰპოვებს ჯორჯი ზეიდანის, ქრისტიანი ლიბანელი მწერლის ისტორიულ ნოველებში. ეს უკანასკნელნი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ადვილად გასაგები მეტყველებით, მარტივი სტრუქტურითა და ავტორის მდიდარი წარმოსახვით. ამ პერიოდის კიდევ ორი მნიშვნელოვანი მწერალია ხალილ გიბრანი და მიხა’ილ ნა’იმა. XX საუკუნის არაბული ნოველის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი არის ნაგიბ მაჰფუზი, რომელმაც 1988 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბუ ნუვას ბიოგრაფია დაარქივებული 2005-12-31 საიტზე Wayback Machine.
- ალი ბინ ოტმანის ბიოგრაფია და პოეზია დაარქივებული 2006-06-15 საიტზე Wayback Machine.
- Center For Arabic Culture (CAC) დაარქივებული 2006-11-10 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სილაგაძე, აპოლონ, ჯავდათ, იბრაჰიმი: თანამედროვე არაბული ლიტერატურათმცოდნეობა და კრიტიკა : ქრესტომათია / [წინასიტყვ. ქართ. და რუს. ავტ.: ა. სილაგაძე] - თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1989.
- სილაგაძე, აპოლონ: უნიკალური არაბული სალექსო ფორმის შესახებ - თბილისი : სიურპრიზი, 1992.
- სილაგაძე, ბენიამინ: არაბთა ბატონობა საქართველოში : (არაბული ცნობების მიხედვით) / საქ. მეცნ. აკად., ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი - თბილისი : მეცნიერება, 1991.
- წერეთელი, გიორგი: არაბული ქრესტომათია ლექსიკონითურთ / [შემდგ.: თ. მარგველაშვილი ; რედ.: ს. ჯიქია] - თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000.