წინამორბედისგან განსხვავებით, PC-FX მხოლოდ იაპონიაში გამოვიდა და გააჩნდა უჩვეულო დიზაინი; ის პერსონალურ კომპიუტერს უფრო ჰგავდა, ვიდრე სათამაშო კონსოლს და განახლებას ექვემდებარებოდა. გეიმპადი გარეგნულად წააგავდა Sega Mega Drive-ისას, მაგრამ გააჩნდა მეტი ღილაკი. სისტემა გამოიყენებდა 32 ბიტიან NEC V810 RISC-ის ცენტრალურ პროცესორს 21.5 ტაქტური სიხშირით,[2] 2 მბ ოპერატიულ მეხსიერებას და გრაფიკულ ჩიპს, რომელსაც შეეძლო 16,777 ფერის გამოსახვა ეკრანზე. თუმცა კონსოლს აკლდა 3D მრავალკუთხედზე დაფუძნებული გრაფიკული ჩიპი,[4][5] რაც მას კონკურენტებთან შედარებით ხდიდა აპარატულად დაბალსიმძლავრიანს. ის იყო საკმადო ძვირი და ასევე განიცდიდა დეველოპერების მხარდაჭერის ნაკლებობას, შედეგად მან კონკურენცია ვერ გაუწია მეხუთე თაობის სისტემებს და 1998 წლის თებერვალში მისი წარმოება შეწყდა.
კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ 62 თამაშს. მისი გამოსვლისთანავე ხელმისაწვდომი იყო სამი თამაში: „Graduation 2: Neo Generation FX“, „Battle Heat და Team Innocen“, ხოლო უკანასკნელ თამაშად იქცა „First Kiss Story“, გამოცემული 1998 წლის 24 აპრილს. სისტემა განთქმულია ეროტიკული თამაშების სიმრავლით. არსებობის განმავლობაში, საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 400,000 ეგზემპლარი, რაც ითვლება კომერციულ ჩავარდნად.[6] PC-FX გახდა NEC-ის მიერ შემუშავებული უკანასკნელი კონსოლი. [7]